ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც ათასწლეულის ფონდი ახორციელებს, ეროვნული სამეცნიერო კონკურსია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 13–18 წლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი, რომელიც წელს მერვედ ჩატარდება, პარტნიორებთან ერთად, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას ისახავს.
კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკებში, ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური სტრატეგიული პარტნიორი “ლიბერთი ბანკი” გახდა.
„ბიზნესკურიერის“ სტუმარია თამარ ზაქარიაძე – „ლიბერთი ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
– მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ათასწლეულის ფონდს და ამერიკის საელჩოს, როგორც აღნიშნეთ, „ლიბერთი“ ამ კონკურსის სტრატეგიული პარტნიორი გახდა.
კონკურსი უკვე გამოცხადდა და დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში არსებულ კერძო და საჯარო სკოლას. კონკურსი 12-დან 18 წლამდე მოსწავლეებისთვის არის.
კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია უფროსკლასელებისთვის, მისი მიზანია, თანაბრად განავითაროს და შექმნას ახალი ინოვაციები.
„ახალი ლიბერთის“ სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ განათლება და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ამ კონკურსის. მთელი წლის განმავლობაში ხელს შევუწყობთ ნიჭიერ ბავშვებს და ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით.
– მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ბანკები და ბიზნესსექტორი ასეთ პროექტებში ერთვება. რამდენადაც ვიცი, ადრეც გვყოლია გამარჯვებული ბავშვები, რომლებიც „ნასაში“ ვიზიტით ჯილდოვდებიან, რომელიც დაუვიწყარი გამოცდილებაა მათთვის.
– პროექტს ეყოლება სამი გამარჯვებული, თუმცა ფინალში გავა 10 -12 გუნდი, ეს დამოკიდებულია ჟიურის შეფასებებზე და იმ პროექტებზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება.
პირველ ადგილზე გასული გუნდი წავა „ნასაში“, სამეცნიერო ლაბორატორიაში, რომელიც მართლაც საოცნებოა არამარტო ბავშვებისთვის, არამედ ჩვენთვისაც.
– მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი…
– ნამდვილად, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდის წევრებისთვისაც არანაკლებ საინტერესო შესაძლებლობები იქნება.
ისინი სამეცნიერო ბანაკებში მოხვდებიან, სხვადასხვა ქვეყანაში და მგონი, აქაც უნდა ვიოცნებოთ მე და თქვენ, რომ მოვხვდეთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კონკურსს აქვს ჩვენი გადმოსახედიდან, ეს არის ის, რომ არამხოლოდ გამარჯვებულებისთვისაა დიდი შანსი და შესაძლებლობა, არამედ ყველა მონაწილეს აქვს შანსი, რომ ბევრი ინფორმაცია მიიღოს საბუნებისმეტყველო დარგში, რომელიც დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განვითარებისთვის, განათლებისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელს შევუწყობთ იმ ყველა ბავშვს, რომელიც ფინალში მოხვდება. შევეცდებით, მათ მივცეთ დამატებითი შესაძლებლობები.
„ლიბერთის“ ჰყავს ძალიან ბევრი ბიზნესპარტნიორი და ვფიქრობთ, რომ ამ ბავშვებისა და კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირება მომავალი შესაძლებლობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
– მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კორპორაციული- საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია და მით უფრო კომერციული ბანკებისთვის და კერძო სექტორისთვის. ეს არის ცალკე მიმართულება, რომლის განვითარება ქვეყანაში ბოლო წლებში უფრო და უფრო სწრაფი ტემპით ხდება.
რატომ გადაწყვიტა „ლიბერთი ბანკმა“ ამ კონკურსში ჩართვა? რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კორპორაციულ-საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა? რომელიც ერთგვარი პოზიციონირება ამ ბანკისთვისაც, იმისთვის, რომ მან დააფინანსოს ისეთი პროექტები, რომლიდანაც არც დამატებით შემოსავალს ელოდება და არც დიდი სარეკლამო კამპანიაა მისთვის…
– თითოეულ ადამიანს გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და შესაბამისად „ახალი ლიბერთის“ სტრატეგიაც სწორედ ახალი შესაძლებლობებზეა დაფუძნებული.
აქედან გამომდინარე „ლიბერთის“ ახალი სტრატეგიის მიხედვით, უნდა გახდეს უნივერსალური საფინანსო ინსტიტუტი და მას აქვს ძალიან დიდი ამბიცია, იყოს ბანკი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც საინტერესო პროდუქტები და მომსახურება სჭირდება.
ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და შეგვიძლია, ჩვენი რესურსით, ჩვენი საკომუნიკაციო არხებით, საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლო ვიყოთ.
აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ წელს კორპორაციული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა „ლიბერთისთვის“ იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ამ მიმართულებაში თქვენ მთელი წლის განმავლობაში ნახავთ არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც იქნება განკუთვნილი როგორც უფროსი თაობისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის.
კიდევ მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება განათლება, „ლიბერთი“ აირჩევს განათლებას. დაგველოდეთ, ყველაფერს მალე შეიტყობთ.
– როგორც ვიცი, წინასწარ არ გიყვართ საუბარი და რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე კონკრეტულ სტრატეგიას წარმოადგენთ, თუ როგორი იქნება „ლიბერთი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია.
– ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია.
– რაც შეეხება კონკურსს, რომელზეც ვისაუბრეთ, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, უბრალოდ ასაკი არ მიწყობს ხელს და არც დიდად რობოტექნიკაში ვარ განსწავლული, თუმცა, ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა, რომ განათლების გზით ეკონომიკა განვითარდეს.
მოგეხსენებათ, დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა განათლების სექტორში, მათ შორის საჯარო სექტორში და ამის გამოსწორების ძალიან კარგი შესაძლებლობაა და ძალიან კარგია, თუ ამ საქმეში კომერციული ბანკებიც ჩაერთვებიან. რადგან მათ ერთი, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავთ, ძალიან ბევრი საკომუნიკაციო არხი აქვთ, ძალიან ბევრ ადამიანთან უწევთ ყოველდღიურად კომუნიკაცია და მათი ჩართულობა ამ მიმართულებით იქნება განსაკუთრებული.
რატომ იქნება პრიორიტეტი განათლება?
– ვფიქრობთ, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ესაა ნებისმიერი წარმატებისა და შესაძლებლობების საწყისი. განათლებისა და ცოდნის გარეშე რთულია წინ ნაბიჯების გადადგმა.
დამატებითი შესაძლებლობა თუ ადამიანებს მოგვეცემა, წინ კიდევ ბევრი საინტერესო კარი გაიღება.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რადგან განათლების მიმართულებით არაერთი პროექტი განუხორციელებია „ლიბერთის“, აქვს გამოცდილება და ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო პარტნიორი ჰყავს, ვიფიქრეთ, რომ ჩვენ აქ ვიქნებით ძალიან საჭირო, რადგან ახლა, ახალი „ლიბერთის“ სტრატეგიაში ეს არის ძალიან ბუნებრივი და ვფიქრობ, ძალიან საჭირო, რომ ვიყოთ ადამიანების გვერდით.
– ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელსაც მხარს უჭერ და რომლის შესახებაც მოგვიანებით გავიგებთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს მსმენელებს აინტერესებთ ეს პროექტები და მით უფრო ის კონკურსი, რომლის შესახებაც გადაცემის პირველ ნაწილში ვსაუბრობდით.
