LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება” – მასწავლებლებისთვის ახალი წიგნი გამოსცეს

foto

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, პედაგოგებისთვის ახალი სახელმძღვანელოს – „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ პრეზენტაციას გამართავს.

სახელმძღვანელოში მასწავლებლები სწავლა-სწავლების პროცესის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს გაეცნობიან, როგორიცაა განმავითარებელი შეფასება და მისი კავშირი დიფერენცირებულ სწავლებასთან.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში განმარტავენ, განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის/საკითხის შესწავლისას. მისი მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად კარგად გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი, რაც მასწავლებელს ეხმარება სწორად დაგეგმოს სწავლება და მიაღწიოს სასწავლო მიზნებს.

სახელმძღვანელოს ავტორები არიან ფსიქოლოგი და სასკოლო შეფასების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილი და მასწავლებელი და განათლების ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სარა ვიბერი.

წიგნში საუბარია სასწავლო მიზნების განსაზღვრის მნიშვნელობაზე სწავლებასა და შეფასებაში. წარმოდგენილია განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები და სტრატეგიები, განხილულია შესაბამისი მაგალითები და გაანალიზებულია კონკრეტული შემთხვევები, რაც მასწავლებლებს გაუადვილებს მათ პრაქტიკაში გამოყენებას. აღნიშნული ინსტრუმენტები და სტრატეგიები მასწავლებლებს დაეხმარება, შექმნან ისეთ სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებენ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ სწავლაზე და მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

პრეზენტაციას სკოლის დირექტორები და მასწავლებლები დაესწრებიან, რომელთაც სიტყვით მიმართავენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

წიგნის პრეზენტაცია სასტუმრო რუმსში, 5 დეკებერს, 15:00 საათზე გაიმართება.