ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (Duty free) გაიხსნა. საქართველოში პირველი Walk-through, სრულად ახალი კონცეფციის, Duty free ქუთაისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში მოეწყო, სადაც მგზავრებს სხვადასხვა საერთაშორისო და ქართული ბრენდების პროდუქციის შეძენა შეუძლიათ.
თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ATU Duty Free-მ მოაწყო, რომელმაც საკმაოდ კონკურენტულ აუქციონში გაიმარჯვა. ქუთაისის აეროპორტის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში ATU DUTY FREE-მ 30 ადამიანი დაასაქმა, რომელთა რაოდენობაც ზაფხულისთვის 50-მდე გაიზრდება. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა კი 1 მილიონ ევროს შეადგენს.
“განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ე.წ. Walk-throughDuty Free თანამედროვე და საუკეთესო პრაქტიკაა მსგავსი ტიპის ბიზნესში. საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირველია, სადაც ასეთი ტიპის კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე მოეწყო. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია და აეროპორტში ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელი. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ მილიონი ევრო შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი არამხოლოდ ჩვენი აეროპორტისთვის, არამედ იმერეთის რეგიონისთვისაც,” – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზის 568 კვ.მეტრზე მოწყობილი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ორ ნაწილად არის დაყოფილი: კონცეპტუალურად ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას ეთმობა, მეორე კი საერთაშორისო ბრენდებს.