4 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ახლად გახსნილ საგამოფენო დარბაზზე, საკუთარ შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
– რუსუდან, რამდენიმე დღის წინ თქვენი გალერეა გაიხსნა აბაშიძის ქუჩაზე. ალბათ, სიმბოლურია რომ გახსნის დღე თქვენი მეუღლის დაბადების დღეს დაემთხვა. საინტერესოა, როგორ ემზადებოდით მეტად მნიშვნელოვანი დღისთვის?
– მართალია, რამდენიმე წლის წინ საგამოფენო დარბაზები ჯერ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მერე კი, ბათუმში, კოსტავას ქუჩაზე გავხსენი, მაგრამ ორივე დაიხურა. დიდხანს ვგეგმავდი მეუღლესთან ერთად ახალი საგამოფენო დარბაზის გახსნას, რადგან უამრავ სტუმარს ვმასპინძლობ და ძალიან მიჭირს მათი ერთ სახელოსნოში დატევა. 4 წელი გავიდა თემურის გარდაცვალებიდან, ძალიან მინდოდა, ახალი გალერეა მასთან ყოფილიყო კავშირში, რადგან საერთო იდეა იყო, ერთად ვფიქრობდით, ვგეგმავდით და ამიტომ, სპეციალურად შევარჩიე საპრეზენტაციოდ მისი დაბადების დღე. მანამდე მოწყობილი არცერთი გამოფენის, არცერთი გალერეის გახსნის თარიღი არ მახსოვს, 30 მარტი კი, ის დღეა, რომელიც არასდროს დამავიწყდება, რადგან ყოველთვის მხიარულად აღვნიშნავდით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
– გალერეა პირობითად ორ ნაწილადაა გაყოფილი, პირველ სართულზე ახალი, მეორეზე კი – შედარებით ძველი ნახატებია გამოფენილი. გაქვთ თუ არა რჩეული ნამუშევარი, რომელსაც ვერასდროს შეელევით, ვერც საჩუქრად გაიმეტებთ, ვერც გასაყიდად?
– პირველ სართულზე მაღალი ჭერია, ამიტომ მოცულობითი ნამუშევრები გამოვფინეთ, მეორე სართულის შესავსებად კი, რომელსაც მუქი კედლები აქვს გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩამოვიტანე ნახატები. რა თქმა უნდა, ექსპოზიცია მუდმივად შეიცვლება და განახლდება, ნამუშევრების ნაწილი კოლექციებს დაუბრუნდება, მათ ადგილს კი, ახალი დაიკავებს. ძალიან ინტენსიურად ვმუშაობ, მხოლოდ რამდენიმე საათი მძინავს, თუმცა, დრო მაინც არ მყოფნის, რადგან უამრავი იდეა მაქვს და ვერ ვასწრებ ყველას განხორციელებას. ე.წ. საეტაპო ნამუშევრები, მათ შორის 12 ან 15 წლის ასაკში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც უამრავ პრესტიჟულ გალერეაში გამოიფინა პომპიდუს ცენტრის ჩათვლით, მეორე სართულზე გამოიფინა, თუმცა არასდროს გავყიდი, რადგან ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
– არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა დინი ვირსალაძეს, რომელმაც იდეალურად მოარგო საკუთარი მუსიკა თქვენს გალერეას,
– დინიმ მეორედ გახსნა ჩემი გალერეა. მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი და ვირტუოზი მუსიკოსია. მახსოვს, ერთდროულად ვიყავით გერმანიაში. მე გამოფენა მქონდა, მას კი, კონცერტი, საოცარი საღამო მოაწყო და აღაფრთოვანა გერმანული პუბლიკა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნიკა წულუკიძესაც, რომელიც მეორედ გაუძღვა გახსნის ღონისძიებას და ძალიან გამახარა.
– საოცარი ნამუშევრები შექმენით ძმასთან ერთად ხეზე. რა თქმა უნდა, ზოგადად რთულია ხეზე მუშაობა, მაგრამ ორმაგად რთული და შრომატევადი იქნებოდა თქვენი ნახატების ახალ ფაქტურაზე მაქსიმალური სიზუსტით გადატანა. რატომ გადაწყვიტეთ ჯერ ძმასთან, მერე დასთან ერთად მუშაობა?
– დიმა მოქანდაკეა, ამიტომ ხშირად ვმუშაობთ ერთად. ჩვენი ერთობლივი ნამუშევრების ნახვა საქართველოშიც შეიძლება და საზღვარგარეთაც. აღსანიშნავია, რომ თითოეული ნამუშევარი, რომელიც კაკლის ხის დაფაზე იქმნება, ორიგინალია და არ აქვს ანალოგი. ნახატს თვითონ ვაკეთებ დაფაზე, რომელსაც დიმა ჭრის. ორივეს სკრუპულოზურად გვიყვარს მუშაობა, რაც ყურადღების საოცარ კონცენტრაციას მოითხოვს, ამიტომ დიდხანს, ზოგჯერ ექვს თვეზე მეტს გრძელდება. ძალიან საინტერესოა შამოტზე მუშაობა, როცა ნახატი სველ შამოტზე კეთდება და იჭრება, გამყარებული კი, ან სპეციალური საღებავით იღებება ან ჯიღჯიღა ოქროს თხელი ფირფიტებით იფარება. ჩემი და – სალომე, რომელიც შვილივითაა, საოცრად ნიჭიერი და გემოვნებიანი მოდელიერია. მართალია, ჩვენს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ ყოველთვის ვითვალისწინებ მისი აზრს და ვენდობი მის რჩევას. სწორედ მას ჩავაბარე ჩემი შარფები, რადგან ვიცოდი, რომ საიმედო ადამიანს ვანდობდი, რომელიც იდეალურად შეასრულებდა თავის საქმეს. სხვათა შორის, საზღვარგარეთულ ექსპოზიციებზე პირველ რიგში სწორედ შარფების გამოფენა ეწყობა და მხოლოდ შემდეგ იფინება ნახატები. მაღალი ხარისხის, ძალიან საინტერესო შარფების წარდგენას ვაპირებთ თბილისელებისთვისაც ჩვენს ახალ გალერეაში.
– რამდენად შეძლებენ მსურველები ნამუშევრების შეძენას ახალ გალერეაში, თუ ის მხოლოდ საგამოფენო დარბაზია, სადაც ნახატების დათვალიერება შეიძლება?
– ყველა ნამუშევრის, მათ შორის შარფების ფასიც განსაზღვრულია. მეტიც, სპეციალური ნუსხა გვაქვს, რომელსაც ჩვენი მენეჯერები კურირებენ. ასე რომ, ნებისმიერს შეუძლია მისთვის საინტერესო ნივთის შეძენა გალერეაში ან თუნდაც ინტერნეტ-მაღაზიით.
– თქვენი შემოქმედება უფროსებთან ერთად, ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ, რომლებიც ხშირად სტუმრობენ თქვენს გამოფენებს ძირითადად რით ინტერესდებიან პატარები?
– უკვე ორი სკოლის უმცროსკლასელებს ვუმასპინძლეთ. საოცარია, მაგრამ მცირე ასაკის მიუხედავად, ბავშვები მაინც შესანიშნავად ერკვევიან ყველაფერში. ძალიან სერიოზული კითხვები დამისვეს – აინტერესებდათ როდის დავიწყე ხატვა, რა მასალაზე ვმუშაობ და რამდენად რთულია ხეზე ნახატის შესრულება. სხვათა შორის, სწორედ ხეზე გაკეთებული ნამუშევრები მოეწონათ პატარებს ყველაზე მეტად, რადგან დათვალიერებასთან ერთად ხელის შეხებითაც შეძლეს ფაქტურის შეგრძნება. ძალიან საინტერესო და ლამაზი თაობა გვეზრდება, საოცრად ჭკვიანი, ნიჭიერი ბავშვები არიან და ვფიქრობ, სწორედ ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება.
– თქვენი ნამუშევრები უამრავი ცნობილი ადამიანის კოლექციაში ინახება მარგარეტ ტეტჩერის და ჯორჯ ბუშის ჩათვლით,
– ყველას ვერ გავიხსენებ, მაგრამ ჩემს ნამუშევრებს მართლაც ბევრი ცნობილი ადამიანი ფლობს, რაც ძალიან მახარებს.
– რამდენადაც ვიცი, წლების წინ პატრიარქიც სტუმრობდა თქვენს გამოფენას?
– 12 წლის ვიყავი, როცა ბავშვთა ნახატების გალერეაში მოეწყო ჩემი გამოფენა. სწორედ იქ გვესტუმრა მისი უწმინდესობა, თუმცა მე იმ პერიოდში თბილისში არ ვიყავი და მხოლოდ მოგვიანებით შევხვდი, როცა საპატრიარქოში მიგვიწვია. მართლაც შთამბეჭდავი დღე იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება, ამასთანავე საოცარი საჩუქარი გამიკეთა, ვერცხლის ჯვარი და დავითიანი მაჩუქა. სპეციალურად ვისწავლე ნუსხა-ხუცური, წლების შემდეგ კი, როცა საპატრიარქოში დედა თებრონიეს სანახავად მისული მის უწმინდესობასაც შევხვდი, სახარებაზე მუშაობა შემომთავაზა. სიამოვნებით მივიღე შეთავაზება, მოგვიანებით კი, მისი კურთხევით ჯგუფი შევქმენი. სამი წელი ვიმუშავეთ, მე მათეს სახარების მინიატიურები გავაკეთე, ტექსტი ხელით დაწერა ეტრატზე მამა დავითმა, რომელიც არქიტექტორია და ულამაზესი კალიგრაფია აქვს, მერე კი აიკინძა, ვერცხლის ყდაში მოთავსდა და მართლაც უნიკალური ნამუშევარი შეიქმნა, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. უზარმაზარი ბედნიერება იყო სახარებაზე მუშაობა, რადგან 1990-იან წლებში, როცა სამოქალაქო ომის და უამრავი უსიამოვნების მომსწრე გავხდით, განწყობაც უხალისო, პესიმისტური გვქონდა, სწორედ სამუშაო იქცა ერთადერთ შვებად, მით უფრო, რომ პატრიარქთანაც ყოველდღე ვურთიერთობდი და სწორედ მისგან ვიღებდი რჩევებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სახარებაზე მუშაობა ნამდვილ გარდატეხად იქცა ჩემს ცხოვრებაში, რისთვისაც პირველ რიგში მის უწმინდესობას ვემადლიერები.
* * *
– თქვენი საყვარელი ფილმი?
– ბევრი ფილმი მომწონს, თუმცა ძალიან მიყვარს „მილიონერი ჯურღმულებიდან“. არაჩვეულებრივი ისტორიაა ახალგაზრდაზე, რომელმაც მხოლოდ საკუთარი მიზანდასახულობის და უბოროტო, სუფთა გულის წყალობით შეძლო სიღატაკიდან თავის დაღწევა და სამყაროსგან იმ სიკეთის მიღება, რომელსაც იმსახურებდა. ვფიქრობ, ფილმი სიკეთის ბოროტებაზე და გულწრფელი სიყვარულის სიძულვილზე გამარჯვების საუკეთესო მაგალითია.
– საყვარელი მწერალი?
– ძალიან მიყვარს ხორხე ლუის ბორხესი – ბრწყინვალე ავტორი, რომელიც უდიდეს სიბრძნეს გადმოსცემს თავისი მოკლე ნოველებით. ბავშვობაში ო’ჰენრი მიყვარდა თავისი კეთილი გზავნილებით, ქართველი მწერლებიდან კი, ვაჟა-ფშაველას გამოვარჩევდი, რომელიც სიკეთეს და ჰუმანურობას გვასწავლის.
– ვისთან ერთად ისვენებთ ყველაზე კარგად?
– განუყრელები ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. თბილისშიც ერთად ვიყავით, პარიზშიც და დასასვენებლადაც ერთად დავდიოდით, რადგან მასთან ერთად ყოველთვის სასიამოვნოდ ვატარებდი დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ დედასთან, დასთან და ახლობლებთან ურთიერთობით ვცდილობ დანაკლისის შევსებას. თუმცა, ძალიან არ მიყვარს უსაქმურობა, ნებისმიერ მოგზაურობაში საქართველოსა თუ საზღვარგარეთ, აუცილებლად ვპოულობ ჩემთვის საინტერესო საქმეს.
– ალბათ, უზარმაზარი ოჯახი თქვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა?
– მართლაც ბევრნი, ხუთი და-ძმა ვართ. რა თქმა უნდა, დიდ ოჯახს პასუხისმგებლობაც უზარმაზარი აქვს, რადგან ერთმანეთის ტკივილის, დარდის განაწილება გვიწევს, თუმცა ოჯახი მართლაც ყველაზე დიდი სიმდიდრეა.
– ძალიან გიყვართ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, რამდენი ნამუშევარი მიუძღვენით საყვარელ კომპოზიტორს?
– ყოველთვის ძალიან მიყვარდა მოცარტი, ჩაიკოვსკი, ვერდი და სხვა კომპოზიტორები, რომელთა მუსიკის ფონზე უამრავი ნამუშევარი შევქმენი, თუმცა, სწორედ ბეთჰოვენია ჩემი სამუდამო სიყვარული, რადგან მისი მუსიკა ძალიან ემოციური და ყოვლისმომცველია. ბეთჰოვენის მუსიკაზე ყოველთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით ვმუშაობ, ამიტომ ნახატების უმეტესობა სწორედ მისი შთაგონებით შევქმენი.
– განსაკუთრებული მოგონება გაკავშირებთ იტალიის ქალაქ აზოლოსთან,
– მეუღლესთან ერთად ხშირად ვმოგზაურობდი იტალიის ჩრდილოეთში, სადაც გამოფენებს ვაწყობდი. სწორედ იქ იქ აღმოვაჩინეთ აზოლო – კლდეებს შეფენილი შუასაუკუნეების ქალაქი, რომელსაც მანამდე მხოლოდ შორიდან ვხედავდით და ყოველ ჩასვლაზე ვეძებდით მისკენ მიმავალ გზას. 3 წლის შემდეგ, როგორც იქნა მივაგენით, ქალაქში ავედით და საოცარ კაფეს ვესტუმრეთ, სადაც მე-18-20 საუკუნეების მწერლები იყრიდნენ თავს და მიირთმევდნენ ყავას. აზოლო, რომელმაც სრულად შეინარჩუნა პირვანდელი სახე, მართლაც ძალიან შთამბეჭდავი ქალაქია თავისი ვიწრო, მოკირწყლული ქუჩებით და შუასაუკუნეების ატმოსფეროთი.
– საქართველოს რომელი კუთხე გიყვართ ყველაზე მეტად, რომელსაც უცხოელ სტუმრებსაც სიამაყით აჩვენებთ?
– ძალიან მიყვარს მცხეთა, რომელიც საოცრად მყუდრო, კომფორტული ადგილია ჩემთვის და სტუმრებსაც სიამოვნებით ვპატიჟებ. პატარა კაფე მქონდა შეგულიანებული, რომელიც დღეს აღარ არსებობს. საოცარი აურა ჰქონდა, რადგან ნებისმიერ პრობლემას რამდენიმე წუთში გავიწყებდა, მხნეობითა და ხალისით გავსებდა. ძალიან მიყვარს სვანეთი, სადაც დათო ტურაშვილთან, ჩემს ახლობლებთან ერთად მოვაწყვე პატარა ტური და ძალიან ვისიამოვნე, კახეთში კი, ძმასთან და მის მეგობრებთან ერთად გავაშენეთ ნუშის ბაღები აბსოლუტურად ხრიოკ ადგილას და პრაქტიკულად უდაბნო ავაყვავეთ. მართალია, პრეზენტაციის მოწყობაც გვინდოდა, მაგრამ უამინდობამ შეგვიშალა ხელი.