თბილისის სააპელაციო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გააუქმა.
მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 აპრილს, თბილისში, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, თავის ნაცნობს სხეულის სხვადასხვა არეში მჭრელი საგნით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება.
პირმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, რადგან დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, დაშავებული გადარჩა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 19, 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 6 იანვრის განაჩენით, დაკავებული პირი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.