LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაოცებული ვარ მოლაპარაკებებით, რომლებსაც პუტინთან მართავენ, ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ამბობდნენ, ისე მოვიქცეთ, ჰიტლერისთვის დამამცირებელი არ იყოსო? – პოლონეთის პრეზიდენტი

219
Untitled design

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან 106 დღის გასვლის შემდეგაც კი, მსოფლიო ლიდერების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთის ლიდერთან მშვიდ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.

მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინთან რამდენიმე სატელეფონო ზარი გამართეს, ამას რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერის რეაქცია მოჰყვა.

ერთ-ერთია პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა გერმანულ გამოცემა Bild-თან და პუტინზე საუბრის დროს პარალელი ჰიტლერთანაც კი გაავლო.

დუდა აღნიშნავს, რომ “გაკვირვებული” იყო პუტინთან ყველა სატელეფონო ზარით და მიიჩნევს, რომ ეს არ არის ეფექტიანი. 

“გაოცებული ვარ ყველა მოლაპარაკებით, რომელიც პუტინთან ამ წუთებში მიმდინარეობს – კანცლერ შოლცის, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ. ეს საუბრები უსარგებლოა. Რას აკეთებენ ისინი? ისინი მხოლოდ უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირის ლეგიტიმაციას ახდენენ. ის არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. მან მიიღო გადაწყვეტილება იქ ჯარების გაგზავნის შესახებ. მეთაურები მას ექვემდებარებიან. ვლადიმირ პუტინი…

ვინმე ელაპარაკებოდა ასე ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს? ვინმე ამბობდა, რომ ადოლფ ჰიტლერს სახე უნდა შეენარჩუნებინა? ამბობდნენ, რომ ისე უნდა მოქცეულიყვნენ, რომ ეს დამამცირებელი არ ყოფილიყო ადოლფ ჰიტლერისთვის? მე ასეთი რამ არ მსმენია”, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

დუდამ ინტერვიუში 2008 წლის რუსეთის საქართველოში შემოჭრაც გაიხსენა.

კითხვაზე, რამდენად ხშირად ფიქრობს, რომ პუტინს შეუძლია ასევე შეუტიოს პოლონეთს, ანჯეი დუდა პასუხობს:

“2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა სიტყვები, რომლებიც იმ დროს მძიმედ ჟღერდა, მაგრამ დღეს სამწუხარო რეალობაა, მან თქვა: რუსულმა იმპერიალიზმმა კვლავ იჩინა თავი. ჩვენ ვხედავთ რუსეთის სახეს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს, ​​მაგრამ ვიცით. ეს არის იმპერიალისტური სახელმწიფოს სახე, რომელსაც სურს წაართვას სხვას თავისუფლება.

ეს უნდა შეწყდეს ნებისმიერ ფასად, რომ ეს ევროპისა და მსოფლიოს ვალია. ის ევროკავშირს და სახელმწიფოს მეთაურებს გულისხმობდა, რადგან დღეს მოდის საქართველო, ხვალ შეიძლება იყოს უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ ჩემი ქვეყანა, პოლონეთი” – ეს იყო 2008 წლის აგვისტოში და ჩვენ ყოველთვის ძალიან სერიოზულად ვუყურებდით ამ სიტყვებს”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

პოპულარულები