LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გარბენი უკრაინისთვის” – 5 ივნისს საქართველოში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება

301
Untitled design (2)

5 ივნისს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება.

“გარბენი უკრაინისთვის” კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდია.

ფონდის ინფორმაციით, საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია, შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია biletebi.ge-ზე.

“5 ივნისს მონაწილეების ტრანსპორტირებას თბილისიდან კახეთში და უკან ფონდი უზრუნველყოფს. ყველა მონაწილე ადგილზე მიიღებს მაისურს უკრაინის სიმბოლიკით. 10 კმ სიგრძის დისტანციაზე გამოვლინდება 2 გამარჯვებული, ქალებსა და მამაკაცებს შორის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ფონდში აცხადებენ, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ამ მასშტაბის საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა.

გარბენში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის ის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში ომის გამო დროებით იმყოფებიან.

“გარბენს მხარს უჭერენ ცნობილი ქართველი სპორტსმენები და სპორტული ფედერაციები. ასევე, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, biletebi.ge და უკრაინელი მოხალისეების ორგანიზაცია “გაერთიანება უკრაინისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახეთში გარბენის გარდა, 5 ივნისს მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობები, მოეწყობა სცენა, გაიმართება უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

აღნიშნულ საკითხზე დღეს პრესკონფერენცია Wyndham Grand Tbilisi-ში გაიმართა.

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, გარბენის მიზანია, უკრაინელ მეგობრებს ფინანსურთან ერთად, მორალური მხარდაჭერაც გამოუცხადონ და ამ ღონისძიებით ერთიანობა დაანახონ.