ორთვენახევრიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, კახეთში, ბოდბეში, ქმრის მიერ დაჭრილი ქალი დღეს, 23 ნოემბერს გარდაიცვალა.
მარიამ აბაზაძე, რომელიც მეუღლემ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში დაჭრა, თავდაპირველად, წნორის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მოათავსეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების გამო, კატასტროფის ბრიგადამ იგი თბილისში, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა.
გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული. ექიმებმა მარიამ აბაზაძეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა, ორთვიანი კომის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა აბაზაძის ქმარი, 27 წლის შმაგი ხუნაშვილი დააკავეს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამჟამად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მამაკაცმა ცოლს სანადირო თოფიდან ესროლა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი – 6 და 10 წლის შვილები დარჩა.
გამოძიება, მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11’ 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-იდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, 4 სექტემბერს მოხდა.