საწვავის გაძვირება სოფლის მეურნეობის სექტორს ხარჯებს უძვირებს. ფერმერები მოსავლის ასაღებად ემზადებიან, თუმცა წელს მათ მოსავლის აღება გაცილებით ძვირი უჯდებათ. საწვავის გარდა გაძვირებულია სასუქები და პესტიციდები.
ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში მოქმედებს წარმოებული პროდუქციის ფასებზე.
ადგილობრივ პროდუქციას იმპორტირებულისთვის კონკურენციის გაწევა უჭირს. რა მდგომარეობაა აგროსექტორში და რა გამოწვევებზე ამახვილებენ ყურადღებას ფერმერები?
საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან ერთად განიხილავს რუსუდან გიგაშვილი – ორგანიზაცია “მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე.

– საინტერესოა თემა, რადგან ყველას გვეხება. როდესაც ძვირდება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ქვეყანაში ყველას გვეხება და ყველას ჯიბეზე მოქმედებს. პროდუქტების გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი არის საწვავი, რა იწვევს წარმოების გაძვირებას, გარდა საწვავის ფაქტორისა?
– პრობლემა პანდემიის პერიოდში დაიწყო და ახლაც გრძელდება. ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოშია და ჩვენს შემთხვევაში მძაფრად არის გამოხატული.
ფერმერებისთვის გაძვირებულია ყველა საშუალება დაწყებული პესტიციდებით, მეცხოველეობაში ვეტერინარული პრეპარატებით დამთავრებული. გაძვირებულია მექანიზაცია, რომელიც არსებობდა სახელმწიფოს ბალანსზე. ახლა გამოტანილია გასასხვისებლად და ეტაპობრივად იყიდება, გამოდის, რომ სახელმწიფო სერვისი ფაქტობრივად გაჩერებულია.
ეს საშუალებები დღეს ექსპლუატაციაში არ არის. მხოლოდ კერძო სექტორისთვის არის ხელმისაწვდომი, რომელიც ჯერ ერთი საკმარისი არაა, და მეორეც ძალიან გაძვირებულია.
მომსახურება 200 -300%-ით არის გაძვირებული, რასაც ემატება საწვავის ხარჯი. სოფლის მეურნეობაში ძირითადად გამოიყენება დიზელი, რომლის ფასმაც კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია.
ლოჯისტიკის პრობლემები კიდევ უფრო გამწვავებულია… ეს ყველაფერი ფერმერისთვის ძალიან დიდი წნეხია.
საბოლოო პროდუქტზე, რა თქმა უნდა, აისახება. ამ ყველაფერს სამწუხაროდ სტიქიური პრობლემები ემატება და დაზღვევის კულტურა კი ძალიან დაბალია. ეს მოცემულობა დიდი ზარალის მიზეზი ხდება. გარდაუვალია მძიმე ზამთარი, რადგან მთელი რიგი პრობლემები გვაქვს.
ფერმერები, ვინც კი რაიმე ნიშას ინარჩუნებენ, გმირები არიან, ძალიან რთულია ამ ყველაფერს გაუძლო, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად.
ყველაფერს ამძიმებს, რომ გვყავს მეზობელი თურქეთი, რომელსაც წელს აქვს მზარდი შიდა წარმოება და ეს მათ დაანონსებულიც ჰქონდათ. პირადად ვიყავი გასული წლის შემოდგომაზე შეხვედრაზე, სადაც გაცხადდა, რომ თურქეთმა გამოაცხადა აგრესიული საექსპორტო კამპანია. თურქეთმა შეიმუშავა სტრატეგია და ექსპორტის წახალისებით მთელი რიგი მექანიზმები დადო: საკანონმდებლო, ფინანსური და სხვადასხვა შეღავათები საგადასახადო კუთხით.
ფაქტობრივად მეწარმე, რომელიც გაიტანს გარე ბაზარზე საკუთარ პროდუქციას, თურქეთის ხელისუფლებისგან მრავალმხრივადაა წახალისებული. ამიტომ ჩვენთან შემოდის იაფად ის პროდუქტი, რომლის წარმოებაც ჩვენ ფერმერებს ძვირი უჯდებათ და მომხმარებელი (რომლის მსყიდველობითუნარიანობა არ გაზრდილა და პირიქით დაქვეითდა), იაფს ირჩევს. აქედან გამომდინარე ჩვენი ფერმერები ძალიან იჩაგრებიან.
– ამ მდგომარეობაში, რას აკეთებს მთავრობა დახმარების და წახალისების კუთხით? როგორ ცდილობს ხელისუფლება, რომ შეუმსუბუქოს ფერმერებს პრობლემები?
– ფერმერისა და მეწარმის ინტერესი დაცული რომ იყოს, უნდა არსებობდეს კომპლექსური საკითხებისგან შემდგარი ხედვა.
საკითხები უნდა მოიცავდეს ფინანსურ რესურსებსაც და საკანონმდებლო საკითხებსაც.
ასეთი ერთიანი ხედვა კი არ გვაქვს, მოქმედებენ ქაოსურად. დაგვეხმარნენ ვაუჩერით, მაგრამ ეს არის სოციალური კამპანია, რადგან საერთო ჯამში მთლიან ამინდს ვერ ცვლის. ამ ბიუჯეტით, მილიონები რაც გამოიყო, მხოლოდ რამდენიმე ტექნოლოგიის იმპორტი რომ მოეხდინათ, ის გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგს მოგვცემდა, ვიდრე ერთგვარი სოციალური დახმარება.
რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას?
10 წელი ვიხვეწებოდით, რომ ანტიდემპინგური კანონი მიგვეღო. ევროკავშირის პირდაპირი რეკომენდაცია იყო, რომ ადგილობრივი ბაზრის დაცვითი მექანიზმები ჰქონოდა ქვეყანას. როგორც იქნა მივიღეთ კანონი, მაგრამ კანონი ამ ეტაპამდე დევს თაროზე. სახელმწიფოს და ხელისუფლების არგუმენტი ამ შემთხვევაში არის, რომ არავის მიუმართავს, რომ აამოქმედონ.
მაგალითად ახლა შემოდის თურქული საზამთრო და ფერმერები უკვე გამოხატავენ წუხილს, რომ როცა სეზონი დაიწყება, რა ეშველებათ. თურქული საზამთრო კარგად იკიდებს ფეხს.
ამის გამო ბაზარზე შეიძლება, ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნას.
ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? რა როლი უნდა შეასრულოს? დარგს უნდა დაუძახოს და დაეხმაროს და ამ დროს ხელისუფლება პირიქით ელოდება, რომ ჩვენი ბაზარი არის ზედმეტად დივერსიფიცირებული, ძალიან დათითოკაცებული. (ყველგან და ყველაფერში გაერთიანება გვიჭირს). ერთიანი მიმართვის ფორმა არ არსებობს. ამაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, მაგრამ არ ეხმარება და შესაბამისად მოკვლევაც არ არის დაწყებული, რომ საზამთროში ასეთი პრობლემა გვაქვს. ბოსტნეულთან დაკავშირებითაც ეს პრობლემები დგას. ამ შემთხვევაში გვეხმარება სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ლაგდება და ჩვენ მას ქაოსურად მივყვებით.
უკრაინა-რუსეთის ომით გამოწვეული დეფიციტის ფონზე თურქეთი ჩაერთო მის დაბალანსებაში და ჩვენ ეს გვშველის. ამ შემთხვევაში უფრო გადარჩნენ ჩვენი ფერმერები.
ქვეყანაში არასდროს გვაქვს გეგმა ა და ბ თუ სად, როგორ ვიქცევით და ეს რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამწვავებს სიტუაციას.
ხორბალი რომ გაძვირდა, ეს პირდაპირ ჯაჭვშია მეცხოველეობასთან და მეფრინველეობასთან, რაც თავის მხრივ პირდაპირ ჯაჭვშია გადამუშავებულ სხვადასხვა პროდუქტთან. ყველაფერი ჯაჭვურად გადაეცემა ერთმანეთს და ზამთარში გარდაუვალი იქნება ფინანსური მნიშვნელოვანი ცვლილებები ყველას სამომხმარებლო კალათაში და შესაბამისად ყველას ოჯახში.
– დაგეთანხმებით, რომ ხედვა როცა არ ჩანს, მაშინ ჩნდება სწორედ პრობლემები და ჩვენი მთავრობა ცდილობს, პრობლემა რომ წარმოიქმნება, ის მომენტალურად მოაგვარონ.
– ურემი რომ გადაბრუნდება, მერე იწყებენ ფიქრს…

