ხუდადოვზე არსებული თბილისის ედემის ბაღი, ზურაბ შევარდნაძის „გარდენია“ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს. როგორც ”ფორტუნას” ზურაბ შევარდნაძემ განუცხადა, სკოლის მოსწავლეებს ფლორისტიკასა და მებაღეობაში მასტერ-კლასები ჩაუტარდებათ.
”საგანმანათლებლო პროგრამას 15 მარტიდან ვიწყებთ. ჩვენთან ჩაწერა წინასწარ ხდება და ამ ეტაპზე მარტისა და აპრილის ჯგუფები უკვე შევსებულია. მასტერ-კლასი ერთდღიანია და 2 საათი გაგრძელდება. სწავლების საფასური კი 200 ლარს შეადგენს. ამ თანხაში შედის 20 ბავშვი და 3 მოზარდი, რომელთაც საგანმანათლებლო კურსს ჩავუტარებთ”, – აღნიშნა შევარდნაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საფასურში ბაღში ექსკურსია და ფოტოგრაფის მომსახურებაც შედის.
როგორც ”გარდენიას” დამფუძნებელმა განაცხადა, სულ რამდენიმე დღეა, რაც განახლებული ბაღი გაიხსნა. ”ტრადიციისამებრ, 1 იანვარს ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ”გარდენიას” დამთვალიერებლისთვის ვხურავთ და საგაზაფხულო სეზონისთვის მზადებას ვიწყებთ. 1 მარტს კი საზეიმოდ, უკვე წლებია, კვლავ იხსნება ”გარდენიას” ჭიშკარი”, – განმარტა ზურაბ შევარდნაძემ.
მისივე თქმით, ამჯერად საგაზაფხულოდ მთლიანად განაახლეს „გარდენიას“ დიზაინი, გააფართოვეს ყვავილების სანერგე და ახალი კოლექციებით გაამდიდრეს.