LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გარდერობის განახლებისას ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბევრი და უხარისხო სამოსის შეძენას, ცოტა და ხარისხიანი ტანსაცმლის ყიდვა ჯობია” – დალი ჩიტალაძე ,,წარმატების ფორმულაში”

10
dalichitaladze

გადაცემის ლაივი LIVE

7 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მეტად სასარგებლო რჩევები გაუზიარა მსმენელს.

– დალი, როგორც ვიცი, ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია თქვენთვის მუსიკა იყო. დღეს რა როლი ენიჭება მუსიკას თქვენს ცხოვრება?

– მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ერთგვარი „დღიური რაციონია“. დილას, გაღვიძებისთანავე ვრთავ მუსიკას კარგი განწყობის შესაქმნელად. მართალია, მე და ჩემს შვილს განსხვავებული გემოვნება გვაქვს, მაგრამ ჩვენს სახლში ყოველთვის შეიძლება კარგი, ხარისხიანი მუსიკის მოსმენა.

– დღეს რა ფერები დომინირებს თქვენს ხასიათში?

– ზაფხულს ფერებიც შესაბამისი აქვს, ამიტომ დღეს თეთრს, ცისფერს და ვარდისფერს ვანიჭებ უპირატესობას.

– რამდენიმე წლის წინ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება დაიწყეთ. საინტერესოა, როგორ გამოიყენეთ შეძენილი გამოცდილება ბიზნესში?

– პირველ რიგში, მნიშვნელოვნად განვითარდა და ბევრად აქტიური გახდა ჩემი  Facebook-გვერდი Shopping with Dali, რომელიც 2016 წელს მეგობრის, ია ფარულავას დახმარებით გავაკეთე. ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა, რადგან მტკივნეულად განვიცადე დის გარდაცვალება და სწორედ ახალი საქმე დამეხმარა დანაკარგის გადატანაში. რა თქმა უნდა, ბლოგი არ შემოიფარგლება მხოლოდ შოპინგით, რადგან მომხმარებელს სიახლეებს და სასარგებლო რჩევებსაც ვთავაზობთ ჯანმრთელობაზე, სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებსა და თავის მოვლაზე, რადგან ვერანაირი სამოსი ვერ დაგვამშვენებს თუ ჯანსაღად არ ვიგრძნობთ თავს. ამასთანავე, პირველი საახალწლო „მასტერ შეფის“ გამარჯვებული გავხდი და წოდებასთან ერთად პრიზიც მივიღე, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის, რადგან დაუღალავად ვიშრომე და ბედნიერი ვარ, რომ შრომა დამიფასდა. მართალია, ჩემი ძირითადი პროფესია მოდას უკავშირდება, მაგრამ კულინარიამაც ძალიან გამიტაცა. სინამდვილეში, ადამიანის გარეგნობას სწორედ ჯანსაღი ცხოვრება და სწორი კვება განსაზღვრავს, ამიტომ ყოველთვის დაბალანსებულად ვიკვებები და კერძებსაც დიეტურს, ნაკლებად მავნებელს ვამზადებ. სხვათა შორის, პანდემიის პერიოდში კულინარიული არხიც გავაკეთე YouTube-ზე და გურმანებს საკუთარი კერძები შევთავაზე.

– რამდენად დაფასდა თქვენი კულინარიული შესაძლებლობები ოჯახში „მასტერ შეფის“ პრემიის მიღების შემდეგ?

– რა თქმა უნდა, მანამდეც ფასდებოდა, მაგრამ შოუში მონაწილეობით მართლაც ძალიან ბევრი ვისწავლე, კერძების მომზადების ტექნოლოგია გავაუმჯობესე და ბევრად დავხვეწე. ახლა, მარტივი კერძებით აღარ გამომდის თავის დაღწევა, რადგან მეგობრები ყოველთვის განსაკუთრებული კერძის მომზადებას მთხოვენ.

– რა გამოცდილება შეიძინეთ ჯანი ვერსაჩესთან მუშაობით და როგორ გამოიყენეთ?

– ვფიქრობ, ნებისმიერისთვის სასარგებლოა უცხოეთში ცხოვრებით და მუშაობით გამოცდილების შეძენა. მე ნიუ-იორკში ვცხოვრობდი, ქალაქში, რომელმაც უამრავი კულტურა გააერთიანა და სწორედ ამიტომ ითვლება მსოფლიოს ცენტრად. მართლაც მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე, ყველანაირად განვითარდი და ჩემი თვითშეფასებაც გაიზარდა. თუმცა, მეუღლის თხოვნით მაინც საქართველოში დავბრუნდი, რასაც ნამდვილად არ ვნანობ, რადგან მთავარი მაინც საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნაა.

– რას თვლით თქვენს მთავარ მიზნად და რამდენად შეძელით მისი მიღწევა?

– სიმართლე ვთქვა, არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით და ყოველთვის განვითარებას ვცდილობ. ვფიქრობ, ადამიანი მუდმივად უნდა პროგრესირებდეს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება წარმატების მიღწევა. პირადად მე ყოველდღე ვცდილობ ახლის შესწავლას, ინფორმაციის მოძიებას და გამოცდილების შეძენას. კონკურსებში მონაწილეობაც სერიოზული გამოწვევაა, რადგან გამოცდილებას გმატებს და თვითშეფასების ამაღლებაში გეხმარება. ახლა უცხო ენის – იტალიურის ან ფრანგულის შესწავლა მინდა, რადგან სწორედ  უცხო ენის სწავლა ავარჯიშებს და ავითარებს გონებას ყველაზე კარგად.

– საქმიანი შეხვედრისთვის მზადებისას, სამოსის რა დეტალს აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?

– მთავარია, ელეგანტურად გამოვიყურებოდი. თავისებურად ყველა ადამიანი ლამაზია წონის, სიმაღლის და გარეგნობის სხვა თავისებურებების მიუხედავად, უბრალოდ ბევრს არ შეუძლია საკუთარი სილამაზის, ინდივიდუალურობის დემონსტრირება. გარდერობის განახლებისას ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბევრი და უხარისხო სამოსის შეძენას, ცოტა და ხარისხიანი ტანსაცმლის ყიდვა ჯობია. არ ღირს საქმიან შეხვედრაზე მოკლე კაბით ან მოკლე შარვლით ანუ „შორტებით“ მისვლა, რის უფლებასაც მამაკაცები ხშირად აძლევენ საკუთარ თავს.

– შენიშვნა თუ მიგიციათ ასეთი მამაკაცებისთვის?

– არა, რადგან ძალიან დელიკატური ვარ, თუმცა მინიშნება ყოველთვის შემიძლია. საერთოდ, არ მიყვარს კრიტიკა და ჭკუის სწავლება, თუმცა სიხარულით აღვნიშნავ, როცა რაიმე მომწონს და არასდროს ვიშურებ კომპლიმენტებს. ვფიქრობ, ყოველთვის შეიძლება ნაკლზე ფრთხილად მინიშნება, ისე რომ ადამიანი არც დააკომპლექსო, არც მის თვითშეფასებას მიაყენო ზიანი. ჩვენ პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული უნდა ვისწავლოთ, რადგან მხოლოდ ასე შევაყვარებთ და მოვაწონებთ თავს სხვას. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა გემოვნებიანი, ელეგანტური ჩაცმულობით, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა. რა თქმა უნდა, საკუთარი სტილის შერჩევა ერთგვარი ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს, მაგრამ ყოველთვის შეიძლება პროფესიონალის რჩევის მოსმენა, რომელიც ნებისმიერს შეურჩევს შესაბამის სტილს და ასწავლის მოხდენილად ჩაცმას.

– თქვენ რამდენად ხშირად მოგმართავენ ამგვარი რჩევისთვის?

– საკმაოდ ხშირად. მუდმივი კლიენტებიც მრავლად მყავს, რომლებიც პრაქტიკულად ყოველდღე მიკავშირდებიან მათთვის საინტერესო შეკითხვებით და გარკვეული რჩევების მისაღებად.

– რა სტილის სამოსში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ნებისმიერი სტილის მორგება შემიძლია. მცდარია წარმოდგენა, როცა ადამიანები თვლიან, თითქოს მხოლოდ კონკრეტული სტილის სამოსი უხდებათ. სინამდვილეში, ადამიანი მაშინაა საინტერესო, როცა მისი სტილი მრავალფეროვანია და თვითონაც ყოველთვის განსხვავებულად გამოიყურება. უბრალოდ, ყველა სიტუაციისთვის შესაბამისი ტანსაცმლის  შერჩევაა საჭირო, რადგან მხოლოდ ასე ვიგრძნობთ თავს კომფორტულად. ზოგადად სტილი საკუთარი თავის, შინაგანი სამყაროს სამოსით გამოხატვაა, ამიტომ რაც უფრო კარგად გრძნობს ადამიანი თავს, მით უკეთესად გამოიყურება და გარშემომყოფების მოწონებასაც იმსახურებს.

– სხვისთვის არასდროს იშურებთ რჩევებს. საინტერესოა, თავად ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– საუკეთესო შემფასებელი ჩემი მეუღლეა. ყოველთვის ვითვალისწინებ მის აზრს, რადგან არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს.

– რას თვლით თქვენს ყველაზე ძლიერ თვისებად?

– ძალიან არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, თუმცა ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი ვარ მორალურად და ყოველთვის შემიძლია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება. ვცდილობ, ყველას დავეხმარო და რაც შეიძლება მეტი კეთილი საქმე გავაკეთო.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ყოველთვის ძალიან სწრაფად.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა, რომლითაც საკუთარ თავს ამხნევებთ?

– „ყველაფერი კარგად იქნება!“ ან „ხვალ უკეთესი დღე იქნება!“

– რეჟისორი, ვის ფილმშიც სიამოვნებით შეასრულებდით მთავარ როლს?

– სიამოვნებით ვითამაშებდი რიდლი სკოტის ფილმებში.

– საყვარელი დიზაინერი და ბრენდი?

– დიზაინერებს შორის ყველაზე მეტად კოკო შანელი მიყვარს, გამორჩეული ბრენდი კი არ  მაქვს, რადგან ყოველთვის ის სამოსი მაცვია, რომელიც მიხდება.

– საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის?

– ყველაზე კარგად ბუნებაში ვისვენებ.

– როგორია ჯანსაღი ცხოვრების თქვენი რეცეპტი?

– ფიზიკური დატვირთვა, ბევრი წყალი, დიდი ოდენობით ცილა, ხილი და ბოსტნეული.

– რომელ რადიო- ან ტელეკომპანიაში წაიყვანდით გადაცემას?

– სამწუხაროდ, ქართულ მედიაში არ კეთდება გადაცემა მოდაზე. სიამოვნებით ვიმუშავებდი მსხვილ არხზე, რათა მეტი შესაძლებლობა მქონდეს და უფრო ფართო პუბლიკა მივიზიდო.  რამდენიმე არხისგან უკვე მივიღე შეთავაზება. იმედია, მალე დასრულდება პანდემია და მეც შევძლებ საინტერესო გადაცემის გაკეთებას.

– საყვარელი ქალაქი?

– თბილისი და ნიუ-იორკი.

– რა გიქმნით პოზიტიურ განწყობას?

– მზიანი ამინდი, მეგობრები და საყვარელი საქმე.

– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, ნებისმიერ გამოუვალ სიტუაციაში შემიძლია გამოსავლის პოვნა.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ყვავილების უზარმაზარ თაიგულს, რადგან ძალიან მიყვარს და ყოველთვის მიხარია, ყვავილების საჩუქრად მიღება.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– წარმატების მისაღწევად ჯერ საკუთარი თავის შეყვარება და საკუთარი შესაძლებლობების დაჯერება, მერე კარგი განათლების მიღება, არჩეული პროფესიის სიყვარული და მუდმივად განვითარებისკენ სწრაფვაა საჭირო, თუმცა არც თვითკრიტიკის უნარი უნდა დავკარგოთ და ყოველთვის გავითვალისწინოთ გამოცდილი ადამიანების რჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები