LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულები დანაშაულის აღიარებას გეგმავენ

84

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული მწვრთნელები – ვაჟა კვარაცხელია, თემურ დათიკაშვილი და მსაჯი ზაზა მაჩალაძე დანაშაულის აღიარებას გეგმავენ, თუმცა ბრალთან დაკავშირებით გამოძიებასთან პრეტენზიები აქვთ.

ადვოკატ თამარ აბესაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს გამოძიება ამჟამად კომერციულ მოსყიდვას ედავება, თუმცა ადვოკატის თქმით, ბრალი პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს. აბესაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულები საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას აღიარებენ და სადავოდ არ ხდიან. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციას დაცვის მხარე 8 თებერვალს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე გააჟღერებს.

თავის მხრივ, დანაშაულის აღიარებას გეგმავს ასევე გარიგებულ მატჩებში ბრალდებული მსაჯი ზაზა მაჩალაძეც. მისი ადვოკატის, შოთა მანელიძის თქმით, საბოლოო პოზიციას ბრალდებულთან 8 თებერვლამდე შეათანხმებს. თუმცა, ადვოკატი არ უარყოფს, რომ დანაშაულის აღიარებას მაჩალაძე აქტიურად განიხილავს.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა – ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

პოპულალურები