შედგება თუ არა მესამე რაუნდი და როგორ დასრულდება მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი – ამ თემაზე რადიო “ფორტუნას” დღის თემაში “ქართული ოცნების” წევრმა ნიკა სამხარაძემ ისაუბრა. ის ამბობს, რომ წინსვლა შეინიშნება, რაც მას გარკვეულ იმედს აძლევს.
“კომპრომისისთვის საჭიროა მზაობა, რომ ყველა მხარეს ამის სურვილი ჰქონდეს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, გარკვეული წინსვლა შეინიშნება პოზიციების დაახლოებასთან დაკავშირებით, ძალიან იმედიანად ვარ განმწყობილი, რომ როცა მესამე რაუნდი შედგება, საბოლოოდ მივაღწევთ, რომ მრავალპარტიული პარლამენტი იყოს, რაც საზოგადოების დაკვეთა იყო.
რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობას, მათი როლი არის განუზომლად დიდი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დღე და ღამ მუშაობენ, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვოს საქართველოში. ელჩები წარმოადგენენ საკუთარ ქვეყანას. ამიტომ როცა მათზე ვსაუბრობთ, უნდა განვაზოგადოთ, რომ აქ არის აშშ და ევროკავშირი წარმოდგენილი.
თავიდანვე იყო რამდენიმე ადამიანი ოპოზიციურ სპექტრში, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბოიკოტის გზა არ არის გამართლებული. ამ ადამიანების რაოდნეობა იზრდება. ამაზე დაყრდნობით იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ოპოზიციური პარტიები წამოვლენ კომპრომისზე და საბოლოო შედეგი იქნება კარგი და პოზიციური მთლიანად საქართველოსთვის”, – ამბობს ნიკა სამხარაძე.