ვფიქრობ, გასაუქმებელია საერთოდ საკონსტიტუციო სასამართლო, – ამის შესახებ კიკეთის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ მარიხუანას მოხმარების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება ოთხი მოსამართლე, “თავისი გაუგებარი ლოგიკით, 4 მილიონი მოქალაქის ნებას უგულვებელყოფდეს”.
„მოსალოდნელი იყო მსგავსი ნაბიჯები. ჩვენ უარესსაც ველოდებით. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ერის ღალატი. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნარკოტიკებთან, ნარკოტიკების ზიანთან დაკავშირებით ჩვენს ახალგაზრდებში, ასეთი დაშვება, ასეთი გაიოლება ამ საკითხისა, მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს,“ – განუცხადა „იმედს“ ანდრია ჯაღმაიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა.
