“სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10%–ით”, – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს, სამინისტოს მიერ გაწეული საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ოპონენტების განცხადებები, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, სიმართლეს არ შეესაბამება და პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
გომელაური აღნიშნავს, რომ გარკვეულ დანაშაულებზე არის მატება და ამაზე საზოგადოება ყოველთვიურად იღებს ინფორმაციას.
“მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ – 8,5 პროცენტით, ხოლო მკვლელობამ – 11 პროცენტით, ანუ ფიქსირდება 7- ით მეტი შემთხვევა”, – თქვა მან.
როგორც უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის გამოწვევაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მატების ტენდენციას, ის განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა.
გომელაურმა ასევე ისაუბრა პოზიტიურ ტენდენციებზეც, ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე და შემცირებულია წინა წელთან შედარებით:
- ყაჩაღობა -42%
- გამოძალვა -34%
- ძარცვა -25%
- ქურდობა -12%
- შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც -28%
- მკვლელობის მცდელობა -5%
თქვენ გაეცანით იმ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც მედიასაშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას, რომ დანაშაულმა იმატა”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.