LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუფასურებულმა ლარმა ქართული ტელევიზორებიც გააძვირა

112

ეროვნული ვალუტის დევალვაციამ ქართული წარმოების ტელევიზორების გაძვირება გამოიწვია. პროდუქციის ფასმა თითქმის 10%-ით მოიმატა.
როგორც ”ფორტუნას” ქართული ტელევიზორის მწარმოებელი შპს AG Telekom-ის ფინანსურმა დირექტორმა სოსო მაზმიშვილმა განუცხადა, კომპანია მოგებაზე თითქმის ვეღარ მუშაობას.

”მოგეხსენებათ, ტელევიზორების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები უცხოეთიდან ჩამოგვაქვს, შესაბამისად, ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებამ, ნედლეული გაგვიძვირა თითქმის 25%-ით. ამის გამო, მოგვიხდა ტელევიზორებზე ფასის აწევა. თუმცა, ღირებულება მხოლოდ 10%-ით გავზარდეთ”, – აღნიშნა მაზმიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, AG Telekom-ის მიერ წარმოებული 32-ინჩიანი ტელევიზორი ამ ეტაპზე – 450 ლარი ღირს, 40-ინჩიანი – 650 ლარი. რამდენიმე თვის წინ კი, ტელევიზორის ორივე სახეობის შემთხვევაში, პროდუქცია 50 ლარით იაფი ღირდა.

მიუხედავად, ქართული ტელევიზორების გაძვირებისა, როგორც სოსო მაზმიშვილი ამბობს, AG Telekom -ის პროდუქციაზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა არსებობს.
”განსაკუთრებით კარგად ავაწყვეთ ურთიერთობა კორპორატიულ კლიენტებთან. ვთანამშრომლობთ რამდენიმე ადგილობრივ სასტუმროსთან, რომლებიც ჩვენს ტელევიზორებს დიდი რაოდენობით ყიდულობენ”, – განმარტა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, AG Telekom სმარტ-ტელევიზორების წარმოებასაც იწყებს. აღნიშნული ტექნიკა ბაზარზე 2017 წლის მარტში გამოვა. ”ეს იქნება ჭკვიანი ტელევიზორები, რომლებშიც ჩამონტაჟდება ”ანდროიდ სისტემა” და ქართველი მომხმარებლი მის შეძენას საკმაოდ მალე შეძლებს. რაც შეეხება, ფასს, ვეცდებით, რომ იყოს ყველასთვის მისაღები”, – განმარტა მაზმიშვილმა.

კომპანია ”AG მიკროელექტრონიქსმა” პირველი ქართული ტელევიზორების საწარმოებლად საჭირო კომპონენტები უცხოეთიდან გამოიწერა და მათი წარმოება მიმდინარე წელს დაიწყო. ტელევიზორები რეალიზაციაში 2016 წლის 30 მაისს ჩაეშვა და იყიდება შემდეგ სავაჭრო ქსელებში: ”გორგია”, ”ალტა ოქეი”, ”მეტრომარტი” და ”მეგატექნიკა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები