ქუჩიდან ადამიანების აყვანა და იძულებით მოშარდვის პრაქტიკა უნდა გაუქმდეს, ამის შესახებ ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის, ერთერთმა ლიდერმა, გოგა ხაჩიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა შესაბამისი კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს წარუდგინა.
”კანონპროექტის მიხედვით, ქუჩის იძულებითი ნარკოტესტირება ვეღრ მოხდება სასამართლოს შესაბამისი ნებართვის გარეშე. ამის რეკომენდაცია გასული წლის მაისში მოგვცა ევროკომისიამაც და ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცვლილების ამოქმედება. მართალია ეს მანკიერი პრაქტიკა წინა ხელისუფლების პერიოდში, 2006 წლიდან, დაიწყო, მაგრამ ამაზე აქცენტის გაკეთება და ერთმანეთის შეჯიბრება, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, უაზრობაა” – განაცხადა გოგა ხაჩიძემ
დეპუტატის აზრით, ძალიან დიდი აბსურდია, როდესაც ხელისუფლება, წელიწადში, საშუალოდ, 15 მილიონ ლარს ხარჯავს ქუჩის იძულებით ნარკოტესტირებაში. მისი თქმით, 2013 წლის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ჩატარებული ანალიზებიდან, 75%-ს ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდგინდა.
”თვითონ ეს პრაქტიკა, უბნებიდან ახალგაზრდების აყრა, წაყვანა და ნარკოტესტის იძულებითი გაკეთება არის შეურაცხმყოფელი პრაქტიკა. სასამართლოს ნებართვის გარეშე, ეს არ უნდა ხდებოდეს. რომ შევადაროთ, რას ხარჯავს სახელმწიფო ერთი სტუდენტის 100-პროცენტიან გრანტზე და ერთი ლიტრი შარდის გადამუშავებაზე, სრულ აბსურდს მივიღებთ. ვინაიდან, 1 ლიტრ შარდზე ანალიზის ჩატარება, რომელიც მოიცავ გადაყვანა, ექსპერტიზას, სასამართლო ხარჯს და ა.შ. გამოდის 6000 ლარი” – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
როგორც ხაჩიძე, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა, პირად საუბრებში, პარლამენტის დეპუტატები ინიციატივას მხარს უჭერენ, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა მხოლოდ 5-მა დეპუტატმა მისცა, მაშინ როდესაც 7 ხმის დაგროვება იყო საჭირო. ამის მიუხედავად, კანონპროექტი სესიაზე მაინც გავა, თუმცა დაუჭერს თუ არა მხარს დეპუტატების უმრავლესობა, ეს კენჭისყრაზე გახდება ცნობილი.