თბილისის მერმა მერიის შესაბამის სამსახურებს ქალაქის ცენტრის კონკრეტული ადგილების მხატვრული განათების მოწესრიგება დაავალა. კალაძის თქმით, ღამის განათების დროს, ბარათაშვილიდან პუშკინის ქუჩამდე საკმაოდ არეული ფერადი განათებებია, რაც ამ ადგილს ხიბლს უკარგავს.
მან ასევე ბარათაშვილის აღმართზე, კლდის მხატვრული განათება დააანონსა.
“პუშკინის ქუჩის 19 ნომრიდან ბარათაშვილის 24 ნომრამდე, საკმაოდ მოუწესრიგებელია ეს მიმართულება, განსაკუთრებით როდესაც ღამის განათებები ირთვება. მხატვრული განათება მაქვს მხედველობაში. წითელი, ყვითელი, ლურჯი… არეული ფერებია, რაც ხიბლს და სილამაზეს უკარგავს ამ კონკრეტულს ადგილს. მინდა დაგავალოთ, რომ გააკეთოთ პროექტი, რომ ამ ყველაფერს ერთიანი განათება ჰქონდეს.
მინდა გთხოვოთ, ბარათაშვილის აღმართზე კლდის მხატვრული განათების პროექტიც გააკეთოთ. რეაბილიტაციის შემდეგ, მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა და ამ მხატვრული განათებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება”, – განაცხადა კალაძემ.
მერმა მთავრობის სხდომაზე, კონკრეტული ადგილები დაასახელა, რომლებიც დასუფთავებას საჭიროებენ. მათ შორის, წყნეთის ქუჩაზე არსებული ხევი და თბილისის გასასვლელ-შემოსასვლელები. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ადგილებს, სირთულის მიუხედავად, შესაბამის ყურადღებას მიაქცევენ და დასუფთავდება.
“თამარაშვილიდან ახალ გზაზე წყნეთის ქუჩაზე საცხოვრებელი ადგილი საშინლად დანაგვიანებულია. ჩემი თხოვნა იქნება მაქსიმალურად დავასუფთაოთ და ადგილობრივ მოსახლეობასაც ვთხოვოთ, რომ ხევში ნაგავი არ გადაყარონ. მგონი, არავის სიამოვნებს ასეთი სიტუაცია.
ასევე თბილისის გასასვლელ-შემოსასვლელებში არ არის კარგი მდგომარეობა და ჩემი თხოვნა იქნება ამასაც მივაქციოთ ყურადღება,” – მიმართა მან შესაბამის სამსახურებს.
შეგახსენებთ, პუშკინის დაღმართზე მხატვრული განათება “თბილსერვბის ჯგუფმა” 2017 წელს მოაწყო.
https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/294579248108424/