LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავიზარდეთ და ვიზრდებით შემადგენლობის თვალსაზრისითაც“ – „რეზო და ბავშვები“ სიმღერის პრემიერით და გრანდიოზული კონცერტის დეტალებით გადაცემაში – „უსმინე ახალს“

171
page

15 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ლოკალური სცენის გამორჩეული ბენდის – ,,რეზო და ბავშვები” კონცერტი გაიმართება.

მუსიკალური საღამო – „ჩვენ გავფრინდებით, თუ ერთად ვიქნებით” ჯგუფის საეტაპო კონცერტი იქნება.

კოლექტივი საავტორო კონცერტით აკადემიურ სივრცეში, პირველად წარდგება.

კონცერტზე გაიჟღერებს, როგორც ძველი და კარგად ნაცნობი ჰიტები, ასევე მსმენელისთვის სრულიად უცნობი, წლების წინ შექმნილი კომპოზიციები და ახალი სიმღერები.

კონცერტზე ასევე ვიხილავთ სხვა მოწვეულ მუსიკოსებს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ლინკზე.

მოახლოებულ კონცერტთან დაკავშირებით, ჯგუფის წევრებმა, რეზო ბლიაძემ და ლევან (ლელო) ხოტივარმა გადაცემაში – ,,უსმინე ახალს” ისაუბრეს და ,,ფორტუნა პლუსის” მსმენელს სიმღერის პრემიერაც შესთავაზეს.

ყველა ქართველი მუსიკოსისთვის, ფილარმონიაში ჩატარებული კონცერტი როგორც ამბობენ არის ახალი ეტაპი, ახალი ნაბიჯი შემოქმედებით ცხოვრებაში… რას ნიშნავს ჯგუფისთვის დიდ საკონცერტო დარბაზში სიმღერა?

ძალიან ბევრი რამ მომისმენია ამასთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ უკვე უშუალოდ დავდექით ამ ფაქტის წინაშე, ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო გახდა პასუხისმგებლობა. ეს არის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი – თავისი ისტორიით, წარსულით, ატმოსფეროთი, ხმით, ენერგეტიკით… ეს არის სივრცე, სადაც ძალიან ბევრი რიტუალი შესრულებულა ამდენი წლის მანძილზე ამ ქვეყნის ისტორიაში. ეს არ არის მხოლოდ საკონცერტო დარბაზი. ეს არის დიდი საკონცერტო დარბაზი. როცა ვამბობთ დიდს, აქ მასშტაბზე არ ვსაუბრობთ… ამ დარბაზში ქვეყნის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვეტილა, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარებულა და არა მხოლოდ საკონცერტო. ჩვენ გვაქვს მოსაყოლი ამბავი და როცა ამის წინაშე დავდექით, გავიაზრეთ, რას ნიშნავს ადამიანებისთვის ეს დარბაზი.

რა გამოცდილებას მოგცემთ აკადემიურ სცენაზე გამოსვლა?

ჩვენ ვხდებით – ,,რეზო და დიდი ბავშვები”. გავიზარდეთ და ვიზრდებით შემადგენლობის თვალსაზრისითაც. სხვადასხვა კომბინაციით ჩვენ არაერთხელ წარვმდგარვართ მაყურებლის წინაშე… გვემატება ბექვოკალი და ჩასაბერი ინსტრუმენტები, რომლებიც ჯგუფს ბევრად უფრო მხიარულს, მრავალფეროვანს, სასიამოვნოს, მუსიკალურად უფრო დახვეწილს გახდის. მარტო ამისთვისაც ღირდა ეს ყველაფერი. მუსიკა არის ძიება და ექსპერიმენტები და ჩვენ ამაში ვცხოვრობთ.

რამდენი სიმღერა შესრულდება კონცერტზე?

შევასრულებთ 18 საავტორო სიმღერას. ბევრი ადამიანი მუშაობს ამ კონცერტზე და დარწმუნებული ვართ, რომ ეს სანახაობა სამომავლოდ იქნება, ჩვენთვის მინიმუმ სტანდარტი და არ გამოვრიცხავთ, რომ სხვებისთვისაც. ძალიან ბევრი რამ მოხდება კონცერტის დროს. გვეყოლება არაერთი სტუმარი როგორც სცენაზე, ასევე დარბაზში. მაგალითად, რომა რცხილაძე, რომელიც დაუკრავს ,,მეგობაროს”. ჩვენთან ერთად იქნებიან ჩვენი მეგობრები, რომლებიც ამ წლების მანძილზე ჩვენ გარშემო მოგროვდნენ.

,,ნონა გაფრინდაშვილი“ – მოგვიყევით ახალი სიმღერის შესახებ…

ნონა გაფრინდაშვილი არის ადამიანი, პიროვნება, რომელიც ბავშვების, ახალგაზრდების განვითარებისთვის, დღესაც კი ახერხებს და პოულობს დროს, საკუთარი განათლება და პროფესიონალიზმი გადასცეს. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებით შეგვიძლია ამას გზა გავუხსნათ და რეკომენდაცია გავუწიოთ, რადგან ის არის განძი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ის ჩვენი ინსპირაციაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები