LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაყოფილი საქართველო: ზემო ნიქოზის საგაზაფხულო სამუშაოები და მცოცავი ოკუპაცია (ექსკლუზიური ფოტომასალა)

329
IMG-4480

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ზემო ნიქოზის ორად გაყოფილ სოფელში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, ისევე, როგორც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა უფრო ნაკლები აქტიურობით. სოფელში, რომელიც ე.წ. სასაზღვრო ზოლმა გაყო, ორივე მხარეს ქართული მოსახლეობა ცხოვრობს. ოკუპირებული ტერიტორიის მიღმა ასობით საქართველოს მოქალაქის სახნავ-სათესი მიწა მოექცა, ზოგმა ოჯახმა ხეხილის ბაღები დაკარგა, ორად ბევრი ოჯახი გაიყო, მავთულხლართების მიღმა ქართველების საფლავები აღმოჩნდა. რეალობა, რომელიც ზემო ნიქოზში ხდება, არის საქართველოს ტერიტორიის მიტაცება და როგორც ამას ხშირად უწოდებენ, “მცოცავი ოკუპაციის” მწარე შედეგი.

ფოტომასალაში, რომელიც ქართველმა ფოტოგრაფმა რობერტ ჭურღულიამ დღეს ზემო ნიქოზის ტერიტორიაზე გადაიღო, კარგად ჩანს არა მარტო სოფლის ტერიტორია, არამედ ცხინვალი თითქმის მთლიანად. მან “ფორტუნას” ექსკლუზიური მასალა მიაწოდა.

ფოტოკადრებში ჩანს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა მავთულხლართებს მიღმა, რომელიც უმოძრაოდ არის გაჩერებული. ამ დროისათვის, როგორც კადრებიდან ჩანს, არ არის დასრულებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის დამუშავებაც. საქართველოს მიერ კონტროლირებად სოფელში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ მესაზღვრეები მათ არ ერჩიან. ე.წ. საზღვრის შემოვლის დროს ისინი ხანდახან ესალმებიან კიდეც.

“ორად გაყოფილ მიწის ნაკვეთთან, ე.წ. გამყოფი ზოლის ახლოს მოსასვენებელი ვიწრო სკამი დგას, სადაც ადგილობრივი გლეხები ჩამოსხდებიან ხოლმე და გაჰყურებენ სოფლის იმ ნაწილს, რომელიც მავთულხლართების მიღმა მოექცა. რუსი მესაზღვრეები თუ ხასიათზე არიან, გამყოფი ხაზის გამოღმა მყოფებს მიესალმებიან, თუ არა და ჩაივლიან, თითქოს მათი წინაპრის დანატოვარ მიწას ყარაულობენ” – აცხადებს “ფორტუნასთან” ფოტოების ავტორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები