„გაზპრომი“ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის გაიაფებას არ აპირებს. როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, „გაზპრომმა“ საქართველოსთან ახალი შეთანხმებების დროს, მკაცრად დააფიქსირა ქვეყნის ვალდებულება გაზის შერჩევის შესახებ.
„ფასი საქართველოსთვის იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო – საკონტრაქტო მოცულობის წლიური 100 %-იანი გამომუშავებისას. ამჟამად, ამ შერჩევის ვალდებულებები მკაცრად არის დაფიქსირებული“, – აცხადებენ „გაზპრომში“.
„ტასი“ აღნიშნავს, რომ 2019 წლის აპრილში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „გაზპრომთან“ გააფორმა ხელშეკრულება მცირე რაოდენობით ბუნებრივი აირის შეძენასთან დაკავშირებით.
„2019 წელს, საქართველომ რუსეთის ფედერაციისგან 160 მილიონი კუბური მეტრი გაზი შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის დაახლოებით 5% იყო. წელს რესპუბლიკა გეგმავს, „გაზპრომისგან“ დაახლოებით 170 მილიონი კუბური მეტრი გაზის ყიდვას“, – წერს „ტასი“.
გამოცემა წარსულსაც იხსენებს და იუწყება, რომ 2006 წლიდან საქართველო რუსულ გაზს აღარ ყიდულობდა და ქვეყანა იღებდა მხოლოდ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის მთლიანი მოცულობის 10%-ს. „ტასის“ ინფორმაციითვე, 2017 წელს რუსეთმა ტრანზიტის საფასური საქართველოს გადაუხადა როგორც ფულადი თანხით, ისე ნაწილობრივ ნედლეულით, ხოლო 2018 წელს – მხოლოდ ფულადი სახსრებით.
შეგახსენებთ, გუშინ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ “გაზპრომთან” არსებული ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის ფასის კლებას ემსახურება.
„გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება „გაზპრომთან“ უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო კონკრეტულ ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს, როგორც „სოკარი“ , ასევე „გაზპრომიც“ ამ ტენდენციას მიჰყვება“-განმარტა ნათია თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წლის ბუნებრივი გაზის პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანიდან თავდაპირველთან შედარებით, გაზის ნაკლები მოცულობების მიღებაა ნავარაუდები, რუსული გაზის იმპორტის პროგნოზი კი იზრდება.