„გაზპრომის“ რაიმე დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასდროს იქნება შესაძლებელი. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ჩვენი სტრატეგიული მომხმარებლის სეგმენტი იქნება და არის დაფარული აზერბაიჯანული გაზით,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, მთავარი პრინციპი გაზმომარაგების საკითხში არის ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა.
„მთავარი პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვატარებდით და გავატარებთ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში არის პირველ რიგში სტრატეგიული უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტი, რაც ზედმიწევნით შესრულდა. დღეს თუ ჩახედავთ გაზის ბალანსს, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, 2 მილიარდ 500 მილიონი კუბური მეტრის ბაზრიდან, რაც არის ჩვენი მთლიანი მოხმარება, 95% გაზი არის აზერბაიჯანული წარმომავლობის. აზერბაიჯანი რჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად. ორი წყაროთი ვიღებთ აზერბაიჯანიდან გაზს, ეს არის ჩვენი კუთვნილი კვოტა, როგორც სატრანზიტო ქვეყნის. ასევე არის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული გაზი – ამ გაზით იფარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული მომხმარებელი- ეს არის ჩვენი მოსახლეობა და თბოელექტროსადგურები. აქ ჩვენ გვაქვს მყარი გარანტიები, რომ მთლიანად ეს სეგმენტი ჩვენი სტრატეგიული მომხმარებლის დაფარული იქნება აზერბაიჯანული გაზით“,- განაცხადა თურნავამ.