2016 წლის შეჯამებისას, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ექსპორტის კუთხით არსებულ დადებით დინამიკაზე.
მისი თქმით, გაზრდილია მაჩვენებლები ღვინის ექსპორტის კუთხით.
„მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 46 მილიონამდე ბოთლი ღვინო. ეს არის 40%-იანი მატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. თანხობრივ მაჩვენებლებში, ეს დაახლოებით, 105 მლნ აშშ დოლარია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე,“ – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
მისი თქმით, საპროცენტო ზრდებში განსხვავება გამოწვეულია ფასების კლებით საექსპორტო ბაზარზე და როგორც კი მოხდება ბუნებრივი საექსპორტო ბაზრების რეაბილიტირება, ეს აისახება უკვე თანხობრივ მაჩვენებლებში საპროცენტო ზრდის პარალელურად.