LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გებრეისუსი: მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს, დანებებაც და გამარჯვებაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია

127
Tedros-WHO-RTX37CKD-0

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დანებებაც და გამარჯვების გამოცხადებაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია. მისივე თქმით, მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ ლეტალურ შემთხვევას.

„მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს. შეშფოთებული ვართ იმ ნარატივით, თითქოს ვაქცინაციის დამსახურებით, იმის გამო, რომ „ომიკრონს“ მაღალი გადაცემის მაჩვენებელი და დაბალი სიმძიმე აქვს, ვირუსის გადაცემის შეჩერება შეუძლებელია“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს,​ „ომიკრონის“ პირველი დაფიქსირებიდან დღემდე, ანუ 10 კვირის განმავლობაში, მსოფლიოში ვირუსის ახალი ვარიანტის დაახლოებით 90 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.

მისივე თქმით, გაზრდილია ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც, რაც შემაშფოთებელია.

„ჩვენ არ მოვუწოდებთ არც ერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ლოკდაუნს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ყველა ხერხის გამოყენებით და არა მხოლოდ ვაქცინაციით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექვს რეგიონში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 22 239 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსს 59 195 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 9 %-ით მეტია.

ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 51% ევროპის რეგიონში გამოვლინდა.

magti 5g