გეგუთის ციხეში 45 წლის პატიმარი გარდაიცვალა. როგორც სპეციალური პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, მას არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდა და მკურნალობაც უტარდებოდა.
13 იანვარს პატიმარი ჯერ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილში მოათავსეს, მოგვიანებით კი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა პატიმარი კლინიკაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ბიძინა ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბ. ცხადაძე N14 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 13 მაისს იქნა მოთავსებული. დაწესებულებაში მოთავსების დღიდან მსჯავრდებული სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი.
სასჯელის მოხდის პერიოდში ბ. ცხადაძე კონსულტირებულია ექიმი-სპეციალისტების (კარდიოლოგი, ფსიქიატრი. ოფთალმოლოგი, პირველადი ჯანდაცვის ექიმი) მიერ. დაუდგინდა დიაგნოზი – არტერიული ჰიპერტენზია. მოცემული დიაგნოზიდან გამომდინარე, მას მკურნალობა უტარდებოდა კარდიოლოგის და პირველადი ჯანდაცვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შემდეგი მედიკამენტებით: ტენოქსი 5მგ. კარდიოასპირინი 300 მგ, ალოხოლი, ნოლპაზა.
13 იანვარს, დაახლოებით 17:50 საათზე მსჯავრდებულს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, 200/100, რის გამოც ადგილზე გამოძახებული იქნა სამედიცინო პერსონალი და გაეწია მედიკამენტოზური მკურნალობა. დაახლოებით 18:15 საათზე მსჯავრდებულს კვლავ გაეწია ექიმის კონსულტაცია, დაუდგინდა წნევა 120/80. ვინაიდან მსჯავრდებული უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდის არეში, იგი მოთავსდა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და 18:23 საათზე პენიტენციური დაწესებულების ექიმების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე. 18:27 საათზე დაწესებულების ადმინისტრაცია დაუკავშირდა 112-ს. 19:20 საათზე მსჯავრდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს პენიტენციური დაწესებულებიდან (წნევა იყო 100/60), თუმცა იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა,”- განმარტავენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.