LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა ჩარკვიანი შვილიშვილის შესახებ: “მელა კი არა, ვეფხვია”

341
gelacharkvianinana

გელა ჩარკვიანი შვილიშვილის, ნანას დაბადების დღეს აღნიშნავს და წიგნიდან “ნაგერალა” მის შესახებ დაწერილ ეპიზოდს აზიარებს სოციალურ ქსელში.

„1-ლი ივლისი ნანას დაბადების დღეა!
როცა პატარა ნანა ლონდონში წავიყვანე, ის ხუთი წლის იყო და არც ერთი ინგლისური სიტყვა არ იცოდა. განცხადებით მივმართე ადგილობრივ განათლების განყოფილებას და პასუხიც მალე მივიღე. შემომთავაზეს ჩვენს სამეზობლოში რამდენიმე დაწყებითი სკოლა. მაისი იდგა, სასწავლო წელი მთავრდებოდა და ბევრი არ მიფიქრია იმაზე, თუ რომელში მიმეყვანა, მთავარი იყო ბავშვი ცოტათი მაინც შეგუებოდა რადიკალურად განსხვავებულ ახალ გარემოს. სკოლის ხარისხზე უკვე შემდეგ, ახალი სასწავლო წელი რომ მოახლოვდებოდა, მაშინ ვიზრუნებდი. ნანა სკოლაში დავტოვე და შინ აღფრთოვანებული დავბრუნდი. არა სკოლის, არამედ ნანას პირველი მასწავლებლის გვარის გამო. ნიუტონი! კარგი ნიშანია, გავიფიქრე. ეს იგივეა, ბავშვს კლასის დამრიგებელად თბილისში რუსთაველი ჰყავდეს. მიუხედავად ამისა, სექტემბერში ნანას სკოლა მაინც შევუცვალეთ. უფრო მანძილის გამო.

აქ უკვე ფეხით შემეძლო მეტარებინა და ასეც ვაკეთებდი. დილით მივიყვანდი, ჩავაბარებდი მასწავლებელს და 3 საათზე ისევ თვითონ დავაბრუნებდი შინ. ინგლისელი მშობლები ბავშვებს სკოლაში რომ მიიყვანდნენ, აკოცებდნენ და ასე დაუტოვებდნენ მასწავლებელს. მეც გადავწყვიტე მათთვის მიმებაძა, რომ არ ეფიქრათ, ეს ქართველები როგორი უსიყვარულო და ცივი ხალხი ყოფილაო. ერთხელაც, სკოლაში რომ მივედით, ბავშვს ლოყაზე ხმამაღლა ვაკოცე. წამში შემარცხვინა. ცხვირსახოცი ამოიღო და ჩემი ნაკოცნი ლოყა გადაყვლეფამდე იწმინდა. ჩვენებური სითბოს დემონსტრირების ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა.

პირველი თვეების მანძილზე არც ნანას ინგლისურში შეიმჩნეოდა რაიმე წინსვლა. სკოლიდან წამოყვანისას ყოველ ჯერზე ვეკითხებოდი: „რა იყავი დღეს?“ „თაგვი“. – მიპასუხებდა მორცხვად. ეს ჩვენს ენაზე ნიშნავდა, რომ მთელი დღე ხმა არ ამოუღია. დეკემბრის პირველ დღეებში მოხდა, ჩემს შეკითხვას რომ არ დალოდებია და მახარა, დღეს მელა ვიყავიო. ყველას დაველაპარაკე და მასწავლებელსაც ვუპასუხეო. ამ დღიდან მოყოლებული, ბავშვი შეიცვალა, სკოლაში სიხარულით მირბოდა, არდადეგებზე დღეებს ითვლიდა, ნეტავ სწავლა მალე დაიწყოსო. ვინ იცის, იქნებ ახლა ჩემი კოცნაც აეტანა, მაგრამ აღარ მიცდია. მახსოვდა, როგორ ვიმალებოდით პატარაობისას ძმები, ხან ლოგინის ქვეშ, ხან კარადის უკან, როცა სუფრასთან შემთვრალი „ბებერი“ სტუმრები ჩვენს კოცნას მოისურვებდნენ.

დეკემბრის ბოლოს, ქრისტეშობის დღის აღსანიშნავად, სკოლის სააქტო დარბაზში იმართებოდა წარმოდგენები, თამაშდებოდა სცენები ახალი აღთქმიდან. ნანა მუდმივად მთავარ როლებში იყო. როგორც ბაბუას, მისი წარმატება უზომოდ მახარებდა, თუმცა, როგორც პედაგოგი, არ შეიძლებოდა არ დავფიქრებულიყავი იმაზე, თუ რამხელა უფსკრულია უცხო ენის ბუნებრივ პირობებსა და ხელოვნურ სიტუაციაში შესწავლას შორის. ის, რასაც ნანამ სამ თვეში მიაღწია, ხუთი წელი დასჭირდებოდა თბილისში. აქ, ლონდონელ მეგობრებთან, ინგლისური ენა მისი ჭეშმარიტი გრძნობების, სიხარულის, სიბრაზის, აღტაცების თუ იმედგაცრუების გამოხატვის საშუალებად იქცა. ბუნებრივი გარემოდან მოშორებით მსგავსი ატმოსფეროს თეატრალური მეთოდებით შექმნა შეუძლებელია.

მერე მოვიდა ზაფხული და სანამ ბავშვებს დაითხოვდნენ, სკოლაში ეგრეთ წოდებული ვიქტორიანული ეპოქის დღე ჩატარდა. მოსწავლეებს იმ პერიოდის შესაბამისად ეცვათ, მასწავლებელს ხელში როზგი ეკავა, ბიჭები და გოგოები ცალ-ცალკე დასვეს. ბოლოს ყველამ თითო პენსი მისცა Ms. Lindsay-ს. წლის ბოლოს აქ მშობელთა კრება არ ეწყობა. ყოველ მათგანს მასწავლებელი ინდივიდუალურად ხვდება და ბავშვის წერილობით დახასიათებას გადასცემს. ნანა ქალბატონმა ლინდზიმ ძალიან მიქო. ერთადერთი, რაზეც გამაფრთხილა, ის იყო, რომ თავისი გარეგნობის გამო საწინააღმდეგო სქესის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევსო. დახასიათებაში კი ისიც ეწერა, რომ აქვს გამოკვეთილი ლიდერის თვისებები. ნეტავ საიდან დაასკვნეს-მეთქი, გავიფიქრე და მერე გამახსენდა სცენა, რომელსაც შევესწარი სკოლაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს: სკოლის ეზოში დგას ნანა, ბავშვებით გარშემორტყმული და სიტყვას ამბობს. ზოგს თითს უქნევს, ზოგს ჭკუას არიგებს. თუ ვინმე შეეკამათება, გააჩუმებს. უხეშ სიტყვებსაც არ ერიდება. ყველა მას უსმენს. მელა კი არა, უკვე ვეფხვია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები