საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეროვნული გმირის, პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. იგი სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი განშორების შემდეგ მივაბარეთ მშობლიურ მიწას და ამით კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებს, რომელთა მსახურებას დაუმარცხებელმა გენერალმა სიცოცხლე მიუძღვნა.” – განაცხადა პრემიერმა
“მისი სახელი მუდამ სამაგალითო იქნება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს თავისუფლება უზენაესი ფასეულობაა“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
გენერალი გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.
