კომპანია Genesis თავისი პირველი სერიული ელექტროქარის GV60–ის მიმართ ინტერესის გაღვივებას აგრძელებს. ამჯერად კორეელებმა პატარა ვიდეო თიზერი გაავრცელეს, სადაც მოდელის გლობალური პრემიერის თარიღი გაამხილეს. ავტომოყვარულები სიახლეს 30 სექტემბერს, დილის 4 საათზე იხილავენ. ვიდეოში ელექტროქარი მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს, თუმცა მანამდე Genesis–მა მისი დიზაინი უკვე გაამხილა. რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ არსებობს და სავარაუდოდ პრემიერის ფარგლებში გასაჯაროვდება.
როგორც ცნობილია, ელექტრომობილი ინდექსით GV60, პლატფორმა E-GMP–ზეა აგებული. ამ პლატფორმას Hyundai Ioniq 5 და Kia EV6 ინაწილებენ. Genesis შიგთავსის შესახებ სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით მკაცრ საიდუმლოებას წარმოადგენს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოდელი ერთი ან ორი ელექტროძრავით აღიჭურვება და 585 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. სარკეების ნაცვლად ავტომობილი მინიატურულ კამერებს მიიღებს და ექნება არაერთი ჭკვიანი ტექნოლოგია, მაგალითად სახის ამომცნობი სისტემა და მეპატრონის თითის ანაბეჭდების სისტემა.
გარდა ამისა, ექსპერიმენტის სახით Gv60 შესაძლოა უკონტაქტო დამუხტვის ტექნოლოგიითაც აღჭურვონ. ასეთ შემთხვევაში ავტომობილს დასამუხტი სადგური აღარ დასჭირდება, ის სპეციალურ მოედანზე მოხვედრის შემდეგ საჭირო ენერგიას ავტომატურად მიიღებს.