ბრენდი Genesis-ი უკვე მუშაობს სერიულ სუპერქარზე, რომელიც კონცეპტ Genesis Magma GT-ზე იქნება დაფუძნებული. ამის შესახებ გამოცემა Car Magazine წერს, ბრენდის კრეატიული დირექტორის ინტერვიუზე დაყრდნობით.
დონკერვოლკეს თქმით, პროექტს უკვე აქვს ჩამოყალიბებული ბიზნეს მოდელი, რომელიც ნაწილობრივ იტალიური სუპერქარების მწარმოებლების გამოცდილებაზეა დაფუძნებული, მათ შორის Ferrari-სა და Lamborghini-ზე.
მისი გათვლებით, Magma GT-სთვის შემუშავებული ორიგინალური პლატფორმის სასიცოცხლო ციკლი 14 წელი იქნება. ამ პერიოდში კომპანია გეგმავს სხვადასხვა მოდიფიკაციის ეტაპობრივ გამოშვებას. სქემა მარტივია: საბაზო ვერსიის შემდეგ გამოვა S ვერსია, შემდეგ GT3 და როდსტერი, შუა ციკლში კი მასშტაბური განახლება ჩატარდება და პროცესი თავიდან განმეორდება.

გარდა ამისა, პროექტის წარმატებას ავტოსპორტთან კავშირი უზრუნველყოფს. კომპანია შასის GT3 კლასისთვის ჰომოლოგაციას გეგმავს და ტრეკისთვის განკუთვნილ ვერსიებს კერძო კლიენტებსაც შესთავაზებს – როგორც ამას აკეთებენ Mercedes-AMG და Porsche. სუპერქარი ასევე გახდება Magma-ს სუბბრენდის ფლაგმანი როგორც ტექნიკური, ისე იმიჯური თვალსაზრისით.
დონკერვოლკემ ასევე აღნიშნა, რომ Genesis-ის მოდელების რიგს შესაძლოა სხვა ნიშური სპორტული ავტომობილებიც დაემატოს, რომლებიც კონცეპტებზეა დაფუძნებული. კერძოდ, Genesis X Gran Coupe და უნივერსალი Genesis X Gran Berlinetta Vision GT ისეა შემუშავებული, რომ მათი სერიულ წარმოებაში გაშვება მინიმალურ ინვესტიციას მოითხოვდეს.
ზუსტი თარიღები ჯერ არ სახელდება, თუმცა გამოცემა ვარაუდობს, რომ სერიული Magma GT მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე გამოჩნდება.