LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენუაში ხიდის ჩანგრევაში არქიტექტორები გარდაცვლილ კოლეგას ადანაშაულებენ

65

იტალიაში, გენუაში ხიდის ჩანგრევის მიზეზი ისაა, რომ მისმა არქიტექტორმა, რიკარდო მორანდიმ მშენებლობისას „ვერ გათვალა, რამდენად გაუძლებდა ხიდი დროს,“ – ამას იტალიელი არქიტექტორები ამტკიცებენ. ინფორმაციას Dailymail  ავრცელებს.

ინჟინერ-კონსტრუქტორი, ანტონიო ბრენსიჩი ამბობს, რომ „მორანდიმ არასწორად შეაფასა, გაუძლებდა თუ არა შექმნილი კონსტრუქცია ათწლეულებს.

ბრენსიჩის განმარტებით, ხიდის ნგრევა არც წვიმის და არც მისი ცუდი მოვლის ბრალი არაა და ის თავიდანვე განწირული იყო ჩამოშლისთვის. მისივე თქმით, მორანდის მიერ ვენესუელაში აგებულმა ხიდმაც ვერ გაუძლო დროს. ეს ხიდი მორანდიმ იმავე დიზაინით ააგო, რა დიზაინიც გენუას ხიდის შემთხვევაში გამოიყენა. ხიდის ნახევარი 1964 წელს, ნავთობის ტანკერის შეჯახებისას ჩამოიშალა.

2016 წელს ანტონიო ბრენსიჩი მედიასთან ამბობდა, რომ არსებობდა გენუას ხიდის ჩანგრევის საფრთხე.  „არსებობს შეცდომები ამ ხიდის შექმნისას. ადრე თუ გვიან, ის უნდა შეიცვალოს, მაგრამ არ ვიცი, როდის. მორანდი იყო ინჟინერი დიდი ცოდნით, მაგრამ აკლდა პრაქტიკული გათვლები,“ – ამბობს ანტონიო ბრენსიჩი.

რიკარდო მორანდი 1989 წელს გარდაიცვალა.

ხიდი, რომელიც ჩაინგრა, თითქმის 1200 მეტრის სიგრძის იყო. ის 1967 წელს გახსნეს. 2016 წელს მისი რემონტი დაიწყო. კომპანია Autostrade per lʼItalia-ს ცნობით, რომელიც A10-ის მონაკვეთის ოპერატორია, ჩანგრევის დროს ხიდის საყრდენი ბოძების გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კონსტრუქციის მდგრადობა სისტემატურად მოწმდებოდა. გამოცემა Il Sole 24 Ore წერს, რომ 2018 წლის აპრილში Autostrade per lʼItalia-მ მორანდის ხიდის რეკონსტრუქციაზე ახალი კონკურსი გამოცხადა. კონტრაქტის ღირებულება 20 მილიონ ევროზე მეტი იყო. გამარჯვებული სექტემბერში უნდა გამოევლინათ.

საავტომობილო ხიდის ნანგრევებში, შესაძლოა, 20-მდე ადამიანი იყოს კიდევ მოყოლილი, – ამის შესახებ გენუას პროკურორმა ფრანჩესკო კოციმ განაცხადა.

გენუაში საავტომობილო ესტაკადის 200-მეტრიანი მონაკვეთი 14 აგვისტოს ჩაინგრა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 39 ადამიანი, დაშავებული კი – 16.

მაშველების თქმით, შესაძლოა ხიდის კიდევ ერთი ნაწილი ჩავარდეს და საცხოვრებელ სახლებს დაეცეს. მომხდარის კონკრეტული მიზეზები ამ დრომდე არ სახელდება.

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, დაღუპულებს შაბათს გენუაში დაკრძალავენ და იმავე დღეს იტალიაში ეროვნული გლოვა იქნება გამოცხადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g