ქართული ავიაკომპანიის შეძენით უცხოური კომპანიები ინტერესდებიან. როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ განაცხადა, „ჯორჯიან ეარვეისის“ შეძენა ჩინურ და არაბულ ავიაკომპანიებს სურთ.
ბოკერია ამბობს, რომ არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, „აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის ავიაკომპანია – „სინჩუან ეარლაინი“.
„საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებლის განმარტებითვე, საქართველო არის ღია ცის ხელშეკრულების წევრი, რომლის თანახმადაც, მყიდველს, რომელიც არ არის ევროგაერთიანების ან ღია ცის ხელშეკრულების წევრი, არ შეუძლია 100%-ის შეძენა. ამ შემთხვევაში, ეროვნული ავიაკომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი უნდა იყოს ქართული მხარე, ხოლო ინვესტორს სთავაზობენ 49%-ს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დაფუძნებლი ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage Georgian Airways-ისთვის ინვესტორს ეძებს. კომპანიის გასაყიდ შეთავაზებებში 28 წლიანი ისტორიის მქონე ქართული ავიაკომპანია 150 მლნ დოლარად არის შეფასებული. Georgian Business Brokerage -ის ინფორმაციით, შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის სრულად, ასევე ნაწილობრივ – მისი წილის შეძენა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Georgian Airways-მა სასამართლოს გადახდიუუნარობის საქმის დაწყების თხოვნით მიმართა. ავიაკომპანიამ რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა ითხოვა, რაც დაკმაყოფილდა. კომპანიას კრედიტორების მიმართ 176 მლნ-მდე ლარის დავალიანება აქვს.