გერმანია ევროკავშირის ქვეყნებში ელექტრომობილების გაყიდვებით ლიდერია. საუბარია, 2025 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე. როგორც „ევროსტატი“ იუწყება, ქვეყნის მაჩვენებელი სრულად ელექტრო ავტომობილების რეალიზებით 21% და ჰიბრიდების გაყიდვებით – 23%-ია.
მეორე ადგილზე საფრანგეთი აღმოჩნდა, სადაც წლის პირველ ნახევარში, ევროპაში წარმოებული ელექტრომობილების 13% იყიდეს. მესამე ადგილს ესპანეთი იკავებს.
ელექტრომობილების პოპულარობა გერმანიაში ძლიერი სამომხმარებლო სტიმულებით და გაყიდვაში არსებული მოდელების მრავალფეროვნებით აიხსნება. საფრანგეთში კი გაფართოვდა მსგავსი მანქანების დასამუხტი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, იქ მოქმედებს მთელი რიგი შეღავათები იმ ავტომობილების შესაძენად, რომლებიც შიდა წვის ძრავის გარეშეა.
ევროკავშირში 2025 წლის პირველ ნახევარში სრულად ელექტრო ავტომობილების გაყიდვები 15%-ით გაიზარდა, ხოლო ჰიბრიდების გაყიდვები – 40%-ით. ნიდერლანდებსა და შვედეთში ელექტრომობილების გაყიდვების ზრდა განპირობებულია სახელმწიფოს პოლიტიკით, რომელიც ხელს უწყობს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ტრანსპორტს.
დაბოლოს, ელექტრომობილების დასამუხტი ინფრასტრუქტურის უწყვეტი განვითარება, განსაკუთრებით ქალაქებსა და გარეუბნებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ელექტრომობილების პოპულარობის ზრდაში მთელ ევროკავშირში.