LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია ნახევარფინალში მასპინძელ საფრანგეთს მოუგებს

48

გერმანიამ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალებში მასპინძელ გუნდებთან 7-ჯერ ითამაშა და 6 მოგებული აქვს.
გამოდის, საფრანგეთს ფარ-ხმალი აქვს დასაყრელი.

ამ შვიდი ნახევარფინალიდან გერმანელებმა მხოლოდ პირველი წააგეს. ეს მოხდა შვედეთში 1958 წელს. ამის შემდეგ გერმანია ყოველთვის ამწუხრებდა მასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატებზე ასე იყო: 1972 წელს ბელგიას მოუგო (2:1); 1976 წელს იუგოსლავია დაამარცხა (4:2); 1992 წელს შვედეთს აჯობა (3:2); ხოლო 1996 წელს ინგლისი არ გაუშვა ფინალში (1:1, პენალტებით 6:5). მსოფლიო ჩემპიონატებზე კი გერმანიამ ჯერ სამხრეთ კორეა გააჩერა 2002 წელს (1:0), ბოლოს კი 2014 წელს დაუვიწყარი ალიყური მოსცხო ბრაზილიას (7:1).

ხუთშაბათს კი გერმანია საფრანგეთს ეთამაშება.

აქვე ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ დიდი ტურნირების ნახევარფინალებში ეს გუნდებიც შეხვედრილან ერთმანეთს და თითქოსდა ფრანგები რომ იყვნენ ფავორიტები, მაინც გერმანელები იგებდნენ. 1982 წლის ესპანეთის მუნდიალის ნახევარფინალში, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მატჩი შედგა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებითში ფრანგები 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ შეცვლაზე შესული სიცხიანი რუმენიგეს თამადობით გერმანელებმა გაათანაბრეს. პენალტების სერიაშიც ფრანგები დაწინაურდნენ, მაგრამ შუმახერის ვაჟკაცობით მაინც გერმანელებმა იმარჯვეს.
ამათი ნახევარფინალი ოთხ წელიწადში განმეორდა. მექსიკის მუნდიალზე პლატინის საფრანგეთმა ბრაზილია რომ გააგდო და არც თუ დამაჯერებლად მოთამაშე გერმანიას შეხვდა, ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა გერმანიამ 2:0 მოიგო და მერე მარადონასთან წავიდა ფინალის სათამაშოდ.

მოკლედ, ახლა ფრანგებს დიდი ხნის ბოღმა და რევანში აქვთ გასასწორებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g