„მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს“ – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში მედიასაშუალებების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ რედაქტორებთან შეხვედრის შემდეგ, მათთან გადაღებულ ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ „ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია“.
„ევროკავშირის ელჩები „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ რედაქტორებსა და ამაღლობელის იურიდიულ გუნდს შევხვდით. წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. ყველამ ვნახეთ ხელის დარტყმის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა?“, – წერს პეტერ ფიშერი.
ცნობისათვის, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, პროტესტის ნიშნად უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
The case of 🇬🇪 journalist #Mzia Amaglobeli is very bad. EU Ambassadors met the editors of @netgazeti, @Batumelebi_ge & her legal team. The charges brought & her pre-trial detention appear excessive & unjustified. We all saw the video of the slap. Where is the humanity? pic.twitter.com/sYQsS7nAyS
— Peter Fischer (@Diplo_Peter) January 28, 2025