გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს. როგორც მან გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში აღნიშნა, ნატო რუსეთთან ომში არ არის ჩაბმული.
„ის ფაქტი, რომ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება. ნატო რუსეთთან ომში არ არის ჩაბმული. ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ ესკალაციას“, – აცხადებს შოლცი.
გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს. მისივე თქმით, პუტინსა და მას შორის ბოლო ბოლო სატელეფონო ზარი 2022 წლის დეკემბერში განხორციელდა.
„ჩვენ ვსაუბრობდით პატიმრების გაცვლაზე, მარცვლეულის ექსპორტზე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყოველთვის მთავარ საკითხს დაუბრუნდეს – როგორ უნდა გამოვიდეს მსოფლიო ამ საშინელი ვითარებიდან? პასუხი ნათელია: ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს“, – თქვა შოლცმა.
