LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული ავტოკონცერნების მოგება 2009 წლის დონემდე დაეცა

111
74170618_1004

Volkswagen-ის, BMW-სა და Mercedes-Benz-ის გაყიდვები და შემოსავალი 2025 წლის მესამე კვარტალში შედარებით სტაბილური დარჩა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, მათი საოპერაციო მოგება თითქმის 76%-ით შემცირდა და დაახლოებით 1,7 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის მესამე კვარტალის შემდეგ, ნათქვამია გერმანული აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია EY-ის ანალიზში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

EY-ის შეფასებით,  გერმანული ავტო კონცერნების ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს 2008–2009 წლების კრიზისულ პერიოდს. არც ერთ სხვა მსხვილ ავტო სამრეწველო ქვეყანას არ დაუფიქსირებია ისეთი სუსტი შედეგები, როგორიც გერმანიას. შედარებისთვის: იმავე პერიოდში იაპონური ავტო კომპანიების საოპერაციო მოგება დაახლოებით 29%-ით შემცირდა, ხოლო აშშ-სა და ჩინეთის კომპანიებში – დაახლოებით 14%-ით.

ექსპერტი: გერმანული ავტო კონცერნები კრიზისში არიან


„მსოფლიო ავტოინდუსტრია ღრმა კრიზისს განიცდის, თუმცა ამ ეტაპზე განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდნენ სწორედ გერმანული ავტო კონცერნები“, – ასე შეაფასა მდგომარეობა EY-ის ავტო ექსპერტმა კონსტანტინ გალიმ (Constantin Gall).

მისი თქმით, ძირითადი მიზეზებია:

  • ძვირადღირებულ პრემიუმ ავტომობილებზე სუსტი მოთხოვნა;
  • აშშ-ის მიერ დაწესებული საბაჟო ტარიფები;
  • არახელსაყრელი სავალუტო კურსები;
  • წარმოების მოდერნიზაციის მაღალი ხარჯები და ინვესტიციები ელექტრომობილებში.

მოსალოდნელია სამუშაო ადგილების შემცირება 


გერმანელი ავტოექსპერტის, ფერდინანდ დუდენჰიოფერის (Ferdinand Dudenhöffer) შეფასებით, გერმანიაში ავტომობილების წარმოება მომავალ წელსაც იკლებს. მისი პროგნოზით, 2027 წლისთვის საავტომობილო ქარხნებში დასაქმებულთა რაოდენობა 720 ათასიდან 650 ათასამდე შემცირდება. 

საერთაშორისო ასპარეზზე გერმანიის და ზოგადად ევროპის როლი სულ უფრო სუსტდება. „ზრდა ფიქსირდება აზიაში და სწორედ აზიური ავტომწარმოებლები – იაპონია, სამხრეთ კორეა და ჩინეთი, სულ უფრო მეტად დომინირებენ გლობალურ ავტობიზნესში“, – აღნიშნა ექსპერტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g