LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

60
Untitled design

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი გრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მაროშ შეფჩოვიჩს ბრატისლავაში შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები იყო.

შეხვედრა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

“მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პროცესში, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია.

პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების 45% და ეს პროცესი გრძელდება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ამ გზაზე ქვეყანა კომპლექსური რეფორმების განხორციელებას განაგრძობს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას ფართო რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. პრემიერმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ედუარდ ჰეგერსაც შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სექტორული კავშირების გაფართოების, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. საუბარი შეეხო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში განსახილველ მთავარ საკითხებს, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

“ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის არჩევანია და განხორციელებული რეფორმები, ასევე, ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი და უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში შევსებული კითხვარი საქართველოს აძლევს საფუძველს, ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი ევროკომისიის დასკვნასთან მიმართებით.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვის პროცესში”, – წერია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.

პოპულარულები