„კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას, რაზეც გეთანხმებით და მითქვამს კიდეც. ამიტომ, არ უნდა გვეშინოდეს ამ ახალი დემოკრატიების – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის, ასეთი შეგულიანების, ასეთი მოტივაციის“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ეს ისტორიული მომენტია. ახლა ევროკავშირის ჯერია. მან უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მისი მოკავშირეების – მისი პარტნიორებისა და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნების გვერდით.“
„წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ვინ იქნება ამ გადაწყვეტილებით გახარებული? მხოლოდ რუსეთი! აი, ვნახოთ, რა გზავნილს ვუგზავნით ჩვენი რეგიონის ქვეყნებს და სხვებს: ეს ქვეყნები ერთგულნი არიან, რეფორმებს ახორციელებენ, ასოცირების შეთანხმებებს აფორმებენ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გააჩნიათ, რაც ხელშესახები შედეგია და რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იყენებენ, მადლობელნი არიან, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას აწერენ ხელს, განაცხადს აკეთებენ და რა? ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს სიმბოლური და აზრიანი სტატუსი მათ არ მიანიჭოს. ეს იქნება შეცდომა! ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.