საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ლექსო ლაშქარავას დაღუპვის შესახებ ჰკითხეს.
„თქვენ იკითხეთ, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ეს სტატუსი? ჩემი კითხვა ეხება წინა წლის 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი თბილისის ცენტრში „თბილისი პრაიდის“ დროს მოკლეს, მაშინ, როდესაც მას თავს დაესხნენ ულტრამემარჯვენე პირები. თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა აქტივისტების დასაცავად. ხელისუფლება იგივე შეცდომა დაუშვებს წელსაც თუ დაიცავს ევროპულ ღირებულებებს?“, – ჰკითხეს დარბაზიდან ირაკლი ღარიბაშვილს.
ღარიბაშვილმა ამ კითხვაზე პასუხი იმით დაიწყო, რომ 2014 წელს საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მათი ორიენტაციის მიუხედავად დაიცვას ადამიანები.
პრემიერმა აღნიშნა, რომ [ლგბტქი ადამიანებს უფლებები] დაკავშირებული პრობლემები EU წევრ ქვეყნებშიც არსებობს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა შეგახსენოთ, რომ 2014 წელს ჩვენ დავამტკიცეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რათა აღმოფხვრილიყო ყველა ტიპის დისკრიმინაცია და გულწრფელად, რომ გითხრათ, ეს არ არის პრობლემა და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოში არის გამოწვევა, მსგავსი საკითხები. მაგრამ ეს ინფორმაცია არასწორია, ბატონმა ბრძანა, რომ ოპერატორი მოკლეს ამ დაპირისპირებისას, არ მინდა შეგაწყინოთ დეტალებით და მოკლედ მოგახსენებთ, პოლიციამ დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ისინი გასამართლდნენ და ციხეში არიან. სახელმწიფოს ვალდებულებაა თითოეული მოქალაქის დაცვა, მათი ორიენტაციისა და მსგავსი რაღაცების გარეშე და მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა იცავს თითოეულ მოქალაქეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფორუმზე ღარიბაშვილი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად მონაწილეობს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მათ უპასუხეს დისკუსიის მოდერატორისა და აუდიტორიის შეკითხვებს.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.