LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღირსეული პარტნიორი 2018” – რა გამოცდილება მიიღეს ქართველმა სამხედროებმა [ვიდეო]

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სწავლების დახურვის ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. თავდაპირველად, მოწვეული სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლება „გაერთიანებული საბრძოლო სროლების სავარჯიშო“ გაიმართა. სწავლების ამოცანა იყო მრავალეროვნული ქვედანაყოფის მიერ რაიონული თავდაცვის განხორციელება, რათა ბრძოლაში ჩართვის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის დაამარცხება და დივიზიას კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მისცემოდა. სამხედროებმა ოპერაცია წარმატებით შეასრულეს.

საჩვენებელ სწავლებაში წელს ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები „აპაჩები“ იყო ჩართული. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წელს პირველად გაისროლეს ტანკსაწინააღმდეგო გადასატან კომპლექს „ჯაველინიდან“. საბრძოლო სროლების დროს ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერა გერმანულმა ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა „მარდერმა“ გაუწია.

სწავლებაში ქართული, ამერიკული და გერმანული საბრძოლო ტექნიკა გამოიყენეს. გაერთიანებულ საბრძოლო სროლებში მონაწილეობა საარტილერიო და საინჟინრო დანაყოფებმაც მიიღეს.

“ღირსეული პარტნიორი” წელს საქართველოში მეოთხედ ჩატარდა. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრმა და პარტნიორმა 13 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g