„რანაირად უნდა დატოვო ეს ქალაქი? ღმერთო როგორ გამიმართლა ქუთაისში რომ დავიბადე…“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დათო ლიკლიკაძე წერს.
ცნობილი ქუთაისელი ჟურნალისტი და მსახიობი ემოციურად აღწერს მშობლიური ქალაქის სიყვარულის მიზეზს:
„რანაირად უნდა დატოვო ეს ქალაქი? ღმერთო როგორ გამიმართლა ქუთაისში რომ დავიბადე.
აგერ „კოფი ბინში“ ყავა დავლიე (მსახიობ ნინო ჭოლაძის კაფეზე ვსაუბრობ), რახან ნინო გასული იყო იმიტომ უფრო მივედი თამამად, რადგან მე ნინო ყავაში ფულს არ მახდევინებს. ასევე ასეთ ქმედებას მიჩვეული ვარ ბევრგან ჩემს ქალაქში, მე მაგალითად კაფე-რესტორნები: „პაოლო“, ჩაის სახლი „ფოე ფოე“, „ლა- ფეტი“, „პალატი“, როგორც წესი ყავის და ჩაის ფულს არასდროს მახდევინებენ და ცხადია მრცხვენია მარტო მისვლა, თუ ვინმე სხვა არ მპატიჟებს. აგერ ყავის ფული აიღე გენაცვალე- ვეუბნები ბარმენ ახალგაზრდა ბიჭს და თან თვალებს ქუჩისკენ ვაცეცებ ნინომ არ დამიჭიროს “დანაშაულზე”. უი არაო ამ ბიჭმა, თვენგან ფულს ვერ ავიღებო. რას ლაპარაკობ გენაცვალე, ახლა აქ ნინო როგორ გაიგებს ვინ დალია ყავა.
არაო- მითხრა და თან კამერებზე მიმითითა, რომ ნახოს ხომ გამიბრაზდებაო.
და რანაირად უნდა დავტოვო ხალხნო ასეთი ქალაქი? ან რატო უნდა დავტოვო? სად მივიღებ მე ამდენ სითბოს? სახლიდან სამსახურამდე ზუსტად 150 მეტრის გავლა მიწევს ერთი ბულვარი უნდა გადავჭრა და ერთი საათი ვუნდები მის გავლას, ვინ ფოტოს იღებს, ვინ ემიგრანტი ყოფილა და შემთხვევით შემხვდა, ვინ რამეს მეკითხება, ვინ უბრალოდ დამაყენებს და მეფერება ამ ხნის კაცს.
გინახავთ ისეთი რამ რომ ქუთაისის არცერთი „მარშუტკა“ ფულს არ მახდევინებს სამგზავროსი?
ვახ როგორ გამიმართლა ამ ქალაქში რომ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ შემიყვარდა, აქ შემიძულეს (ზოგმა ისევ შემიყვარა), აქ მეტკინა, აქ გამიხარდა, აქ განერიდა მამაჩემი ამ ქვეყნიერებას, აქ არის ჩემი სახლი, აქ ხართ თქვენ, ადამიანები- ყველაზე დიდი საჩუქრები…“ – წერს დათო ლიკლიკაძე.
