LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის რუსეთი კვლავ სარისკო ბაზრად რჩება

100

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთში ღვინის ექსპორტი 124%-ით არის გაზრდილი, ეს ბაზარი მაინც არასანდოდ და არასტაბილურად რჩება ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის.

როგორც ”ფორტუნას” ”შუხმან ვაინს ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა, ღვინის ექსპორტის მიმართულებით, 2016 წელი აქტიურად დაიწყო.

”მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ფინანსური კრიზისი კვლავ გრძელდება და პოსტსაბჭოთა სივრცეში გადატვირთვები ნაკლებია, ჩვენს შემთხვევაში, ამ ბაზრების ჩანაცვლება სხვა ქვეყნებით მოხდა და ბაზრის დივერსიფიკაციის პოლიტიკის შედეგად, სხვა ქვეყნების ბაზრებიც ავითვისეთ”, – განმარტა ნუცა აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, ”შუხმან ვაინს ჯორჯიასთვის” რუსეთის ბაზარი რისკიანია და კომპანია ამ ბაზარზე ნაკლებად არის დამოკიდებული.

”რუსეთი ჩვენთვის საპილოტე პროექტი იყო, რომელიც ერთ წელს გაგრძელდა და იქ შექმნილი კრიზისის გამო შეჩერდა. ჩვენი კომპანიის ტოპ სამი ბაზარი, ამ ეტაპზე, ასე გამოიყურება – ყაზახეთი, ჩინეთი და უკრაინა. ჩვენს შემთხვევაში, ექსპორტი უმეტესად აზიის ბაზრებმა გაიზარდა და ვფიქრობთ, რომ აზიაში ძალიან დიდი პერსპექტივაა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, სტაბილურ ბაზრებზე ვიყოთ ორიენტირებული”, – განმარტა ნუცა აბრამიშვილმა.

ექსპორტის ზრდაზე საუბრობს ”თელავის ღვინის მარანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა რამაზაშვილიც. მისი თქმით, რუსეთში არსებული კრიზისი, ჯერჯერობით, დაძლეული არ არის, თუმცა კურსის სტაბილიზაციისა და მოსახლეობის გაზრდილ კურსთან შეჩვევამ გაყიდვების ზრდას სტიმული მისცა.

”ვფიქრობ, რუსეთის მოსახლეობა შეეგუა გაზრდილ კურსს და დაიწყო ფულის ხარჯვა. შესაძლოა ამ ეფექტთან გვაქვს საქმე. თუმცა რუსეთის ბაზრის პროცენტული წილი ექსპორტში მაინც ძალიან დაბალი გვაქვს. როგორც წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, ეს ბაზარი სტაბილურობით არ გამოირჩევა. ამიტომ ამ ბაზარზე დიდი იმედების დამყარება სწორი არ იქნება. თუმცა არსებული შესაძლებლობები, ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ და გავყიდოთ, რის რეალიზაციასაც მოვახერხებთ”, – განმარტა ზურა რამაზაშვილმა.

ნუცა აბრამიშვილის მსგავსად, ”თელავის ღვინის მარანის” დამფუძნებელიც მიიჩნევს, რომ აზიის ბაზარი კომპანიებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესოა, რადგან ეს ძალიან დიდი ბაზარია, მზარდი ეკონომიკით.

”ჩინეთის ბაზარზე ღვინის გაყიდვის შესაძლებლობა ძალიან მაღალია. ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე ცნობადობა ჯერ კიდევ აკლია. ღვინის ეროვნული სააგენტო ამ მიმართულებით, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და, ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩინეთის მოსახლეობა მასობრივად გაიცნობს ქართულ ღვინოს. ამ ეტაპზე კი, ქართული ღვინის მოხმარება ჩინეთში მხოლოდ რამდენიმე რეგიონშია ლოკალიზებული. შესაძლებლობა ძალიან დიდია, თუმცა სამუშაოც ძალიან ბევრია”, – მიიჩნევს ზურა რამაზაშვილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 54%-ით გაიზარდა. სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის 124%-იანი ზრდა დაფიქსირდა რუსეთში და ის საქართველოსთვის საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველია. რუსეთისგან განსხვავებით, ექსპორტის 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, სადაც სამი თვის მონაცემებით მხოლოდ 371 295 ბოთლი გავიდა.

ექსპორტიორი  ქვეყნების  პირველი  ხუთეული კი ასე გამოიყურება:  რუსეთი  –  4   077  797,  უკრაინა  –  1   088  862, ყაზახეთი – 784 844, პოლონეთი – 443 208 და ჩინეთი – 371 295 ბოთლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g