„მოლოდინი ოპტიმისტური მაქვს. სიმართლე გითხრათ ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად უკვე გამარჯვებულები ვართ,“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში მხატვარმა, გია ბუღაძემ განაცხადა.
გადაცემაში „დღის თემა“ ბუღაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი ნაკრების გამარჯვებაში თითქმის დარწმუნებულია.
„რეალურად, ის დავამტკიცეთ რისი დამტკიცებაც გვინდოდა, რომ ჩვენ ვართ მაღალი დონის ევროპული ქვეყანა და რომ შეგვიძლია გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველა პროგრესულ და წინწასულ ქვეყანას. შეგვიძლია განსაკუთრებული ხიბლი შევიტანოთ ამ სამყაროში იმიტომ, რომ ქართული სული მაინც სხვანაირია. დღეს როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ურთულესი თამაში ჩემთვის უკვე მიღწეულია მთავარი შედეგი.
მინდა, რომ გავიმარჯვოთ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. დღეს მე ველოდები მხოლოდ წარმატებას. ჩვენს ბიჭებს აქვთ საშუალება შეეხონ ლეგენდარულ კრიშტიანო რონალდოს. ეს უკვე ისტორიაა” – განაცხადა პირდაპირ ეთერში გია ბუღაძემ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიას თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ძირითად შემადგენლობაში იქნება.