LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ჯაჯანიძის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

79
Copy of ART FM Talk With.

რადიო „ფორტუნას“ და ნია მოძმანაშვილის გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“, ამჯერად ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სტუმრობდა საკუთარი ფავორიტი სიმღერების ნაკრებით.

როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა ჟანრისა და სტილის კომპოზიციების სიყვარულის მიუხედავად, ბატონი გია მაინც ძალიან იშვიათად უსმენს მუსიკას.

– ბატონო გია, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუსიკა თქვენს ცხოვრებაში? 

გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ისიც არ მახსოვს ბოლოს როდის მომინდა მუსიკის ჩართვა და მოსმენა, რადგან მხოლოდ მანქანაში ვუსმენ რადიოს. ოდესღაც 24 საათი მუსიკას ვუსმენდი, თუმცა ისეთი პერიოდიც მქონდა, როცა საერთოდ არაფრის მოსმენა არ მინდოდა. სტუდენტობის დროს ინდურ სიმღერებზე ვგიჟდებოდი, ბევრი დამცინოდა, მაგრამ მერე მოდური გახდა აზიური მუსიკა და მათაც მოიწონეს, ვინც მანამდე ჩემზე ხუმრობდა. წლების წინ მართლაც მუსიკით იწყებოდა ჩემი დილა, მერე კი, მუსიკა ჩიტების ჭიკჭიკმა შეცვალა. მზესუმზირები დავრგე ეზოში, შემოდგომაზე იცოდნენ მოფრენა, დილის 6 სათზე იწყებდნენ „კონცერტს“ და მეც მაღვიძებდნენ. უამრავი ჩიტი დაფრინავდა და ჟღურტულებდა. მართლაც საუკეთესო თერაპიაა და ვფიქრობ, ამაზე უკეთესი მუსიკა საერთოდ არ არსებობს.

მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები -„კართან მოდგა შემოდგომა“ 

– ეს სიმღერა ჩემს ბედნიერ ბავშვობასთან ასოცირდება, მოსმენისთანავე მომეწონა და სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში. გამუდმებით ვუსმენდი და ძალიან მინდოდა სხვასაც მოესმინა, ამიტომ უზარმაზარი დინამიკი მივამაგრე ბოძზე, ხმამაღლა ჩავრთე და მთელ ქუჩას მოვასმენინე. დღესაც ძალიან მიყვარს, გადაცემის კეთება რომ დავიწყე, პირველი სწორედ  მაყვალა ჩიხლაძე მოვიწვიე და მასთან შეხვედრის ოცნება ავისრულე.

– ალბათ, ბავშვობაში ტელევიზიაში მუშაობასა და წამყვანობაზე ოცნებობდით?

– არა, ბავშვობაში ხან მსახიობობა მინდოდა, ხან რეჟისორობა, თეატრალურ უნივერსიტეტში კი, ჯერ თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მერე სარეჟისოროზე გადავედი. მოგვიანებით ჟურნალისტიკამ გამიტაცა, მერე ფსიქოლოგიით დავინტერესდი და 45 წლის ასაკში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მართალია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ვარ, მაგრამ მაინც ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ.

თემურ თათარაშვილი – „გული ადამიანობს“ 

– ამ სიმღერის კომპოზიტორი ცირა ბზიშვილია – საოცარი ადამიანი, რომლის შემოქმედება ძალიან მომწონს.

 „ორერა“ – „ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა, პატარა“ 

– ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. მართალია, გავჭაღარავდი, მაგრამ ოდესღაც მეც გრძელი, შავი და ხვეული თმა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ 60 წლის ვარ, საერთოდ ვერ ვგრძნობ ასაკს, თუმცა, რაც დრო გადის სულ უფრო მეტად ვაფასებ ცხოვრებას.

 Whitney Houston – I will always love you 

– ამ სიმღერამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. საოცარი ხმა აქვს ჰიუსტონს, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მუსიკა და მუსიკოსობა მართლაც ღვთისგან ბოძებული ნიჭია.

 ცისფერი ტრიო – „ვერხვის ფოთოლთა“ 

– ეს სიმღერა ზუსტად ასახავს ჩემს დღევანდელ მდგომარეობას. მართალია, ახალგაზრდულად გამოვიყურები, ახალგაზრდული გული მაქვს და სამოსიც სულ ფერადი მაცვია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მაინც შემოდგომაა. როგორც აღვნიშნე, 60 წლის გავხდი, თუმცა მხოლოდ თეორიულად ვიცი, რომ ამ ასაკის ვარ.

 დათო გომართელი – „ტრულაილა“ 

– დარწმუნებული ვარ, ყველა კარგ ხასიათზე დადგება, ვინც ამ სიმღერას მოუსმენს და ნასვამიც და ფხიზელიც ყველა ბედნიერი იქნება.

გია ჯაჯანიძე – „გადარეულა მთელი მსოფლიო“ 

– მეც მაქვს მოკრძალებული მუსიკალური გამოცდილება. 19 სიმღერა ჩავწერე და ერთ-ერთს თქვენც შემოგთავაზებთ. სხვათა შორის, სიმღერამ, რომელიც ცირა ბზიშვილმა შექმნა, მსმენელის მოწონება დაიმსახურა და ძალიან სწრაფად გახდა რეიტინგული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g