LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნება“ ისტერიკაშია – „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ გასასამართლებლად 12 წელი ჰქონდათ, ახლა კი ხანდაზმულობის ვადა დიდი ხანია გასულია – არ მგონია, ვინმემ ეს სისულელე „შეჭამოს“

164
გია ხუხაშვილი - ქართულ ოცნებაზე

„ქართული ოცნება“ არის ისტერიკაში. ის ფსონებს მაქსიმალურად ზრდის და ერთგვარ „ვა ბანკზე“ მიდის, – ასე შეაფასა პოლიტიკის ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა მმართველი გუნდის განცხადება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს.

„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“ – „ქართული ოცნება“

„როდესაც12 წელი ხელისუფლებაში ხარ, სულ ამ თემაზე ლაპარაკობ და 12 წლის თავზე ასეთ განცხადებას ავრცელებ, არასერიოზული და მეტსაც გეტყვით, სასაცილოა. არ მგონია, ვინმემ ეს სისულელე „შეჭამოს“.

მეორე თემაა განსაკუთრებით დამაფიქრებელი მათი აზროვნების სიჯანსაღესთან დაკავშირებით- როდესაც ისინი ლაპარაკობენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მის სატელიტებიო, ფაქტობრივად, სატელიტებად აცხადებენ ყველა პოლიტიკურ ოპონენტს. ისინი ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი „ნაცს“ ეძახიან. შესაბამისად, ეს არის განაცხადი ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებაზე.

როდესაც ნებისმიერი სხვაგვარად აზროვნება იქნება შეფასებული, როგორც დამნაშავე პარტიის მომსახურება. ეს „თეთრი ძაფით არის ნაკერი“. ეს არის წინასაარჩევნო მანიპულაციების მცდელობა საზოგადოებრივი აზრით“, – განაცხადა `„ინტერპრესნიუსთან“ ხუხაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, ნებისმიერი პარტიის პოლიტიკური გასამართლება მას შემდეგ ხდება, როდესაც ისინი ხელისუფლებას ჩამოშორდებიან. ხუხაშვილი განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. გასასამართლებლად ხელისუფლებას 12 წელი ჰქონდა და ხანდაზმულობის ვადა დიდი ხანია გასულია.

„ახლა ამაზე საუბარი არასერიოზული და სასაცილოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ განცხადების მიზანი და ამოცანა არის მხოლოდ ქართული საზოგადოების მოტყუება და ხარკის გადახდა იმ ფანატიკოსების ძალიან მცირე ჯგუფისთვის, რომელსაც დღესაც „ნაცების სისხლი სწყურია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი განმარტებით, ხელისუფლების ამ პროპაგანდისტულ სატყუარას ოპოზიცია კონკრეტული არგუმენტებით უნდა შეეწინააღმდეგოს, ესაუბრონ ხალხს და აუხსნან, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ერთი დიდი ყალბი ნარატივის ნაწილი.

„რეალურად, „ქართული ოცნება“ მშვიდობის პარტია კი არ არის, პირიქით, ომის პარტიაა, ომის ყველაზე საზიზღარი ფორმის, სამოქალაქო დაპირისპირების. ამ პროპაგანდისტულ შტურმზე მხოლოდ კონტრპროპაგანდა საკმარისი არ არის. ოპოზიციას სჭირდება საზოგადოებასთან დიალოგში შესვლა, რათა ხალხისთვის გასაგებ ენაზე აუხსნან, რომ ეს ყველაფერი არის სიყალბე და ფარსი. ამას ბევრი მუშაობა სჭირდება. ის, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, საკმარისი არ არის. მეტი მუშაობა სჭირდებათ და რაც მთავარია, ინტერაქციულ რეჟიმში. ხალხს კითხვები უჩნდება, რომელზეც პასუხები უნდა გასცენ არა მაღალფარდოვან პოლიტიკურ ენაზე, არამედ ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე.

საბოლოოდ, ამ განცხადებაში იგრძნობა, რომ „ქართული ოცნება“ არის ისტერიკაში. ის ფსონებს მაქსიმალურად ზრდის. ერთგვარ „ვა ბანკზე“ მიდის. „ ვა ბანკზე“ როდის მიდის ადამიანი? როდესაც არის შეშინებული, დამფრთხალი და საქციელწამხდარი. შესაბამისად, ეს განცხადება „ქართული ოცნების“ სისუსტეა, ვიდრე ძალის დემონსტრირება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

„ქართული ოცნება“- „26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ“

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში – „ქართული ოცნება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g