LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: “სადაც სკოლა მარცხდება, იქ მარცხდება მომავალიც…”

821
gia-murgulia

ცნობილი ფილოლოგი გია მურღულია აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს იმის შესახებ, რომ მრავალი წელია, სკოლაში ასწავლის და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეუძლია თქვას, არ არსებობს ბავშვებზე უკეთესი ხალხი, მაშინ როგორ იზრდება ზოგიერთი მათგანი ადამიანად, რომელსაც ქვეყნის ინტერესების დაზიანება შეუძლია? პედაგოგს ამაზე საკუთარი მოსაზრება აქვს.

გთავაზობთ გია მურღულიას სტატუსს:

“38-ე წელია,სკოლაში ვასწავლი. ბავშვებზე უკეთესი ხალხი არასდროს მინახავს – ისინი (ყველაზე მოხერხებულნიც კი) გულწრფელები, გონიერები და საყვარლები არიან. ასეთია მათი უდიდესი უმრავლესობა.

საინტერესოა, როდის ხდებიან ისინი ისეთები, მაგალითად პოლიტიკურ პარტიებში (ან ნებისმიერ სხვა სფეროში!) რომ ვხვდებით ხოლმე ყოველდღიური “პოზიციონერობით”?

როდის და როგორ ფუჭდება ადამიანი?

როდის და როგორ ხდება ისეთი ეგოისტი და “ჭკვიანი”, რომ თავისი ქვეყანა ყოველდღიურად შეუძლია დაამციროს, გაყიდოს და შეჭამოს?

ან სკოლაში იმას არ ასწავლიან, რასაც “ღირებულებებს” ვუწოდებთ, ან კარგად არ ასწავლიან, ანაც რასაც ასწავლიან, მალევე იკარგება მომდევნო ცხოვრების “ლოგიკით”.

ეს “ლოგიკა” და მისი სარგებელი მუდმივად ამარცხებს სკოლას.

სადაც სკოლა მარცხდება, იქ მარცხდება მომავალიც.

ჩვენს ყოფას მხოლოდ საზოგადოებისა დ სახელმწიფოს რადიკალური ცვლილებები უშველის.

თანაც ეს ცვლილებები ძალდატანებით არ უნდა მოხდეს (ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო ვდეგრადირდებით) – დიდი შეთანხმებით უნდა გადავწყვიტოთ, რომ ასე გაგრძელება ჩვენი კეთილდღეობის შანსებს ძალიან ამცირებს – საერთოდ თუ არ სპობს.

არსებობს ასეთი “დიდი შეთანხმების” მცირე შესაძლებლობა მაინც?

რასაც ახლა აგრესიასა და შეუწყნარებლობას ვუყურებთ, ალბათ – არა.

ამ დროისთვის ჭკუა ვერ სჯაბნის ერთმანეთის მიუღებლობას და “რაც არა გწადდეს, იგი ქმენ” რუსთველმა ჩვენი კულტურის ნაწილად ვერ აქცია.

ალბათ, რა მაგრად ხარობენ და ხალისობენ ჩვენი არაკეთილმოსურნენი!

და რა მაგრად ვირჯებით ჩვენ ყველანი იმისთვის, რომ მათი ხალისი არასდროს დასრულდეს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g