LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია როინიშვილი: პოლიტიკაში პროფესიას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს

29

გადაცემის სტუმარი მსახიობი გია როინიშვილი იყო. საუბარი მისი საქმიანობისა და პირადი ცხოვრები გარშმო წარიმართა.

როგორ იწყება გია რონიშვილის ერთი ჩვეულებრივი დღე, როგორც ვიცი საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი გაქვთ?
– პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ საკმაოდ მძინარა ვარ, თუმცა პუნქტუალურიც ვარ. თუმცა როდესაც საქმეა, ძილს მოვიკლებ და იმ საქმეს აუცილებლად გავაკეთებ.  თუმცა უმიზეზოდ რომ ადგე დილით და უბრალოდ სუფთა ჰაერზე გახვიდე, ესეც ძალიან კარგია. ზაფხულში ეს ყველაფერი გაცილებით მარტივია. განწყობა მოაქვს ამინდს, მაგრამ წელიწადის ნებისმიერ დროს მე ვისწავლე როგორ შევიქმნა კარგი ხასიათი და ზოგადად, როგორ ვებრძოლო დეპრესიას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა. ამ ბოლო დროს ვუსმენ კლასიკას და ყველაზე მეტ ძალას ეს ჟანრი მაძლევს. ზოგადად, მიყვარს მუსიკა, სადაც გემოვნების მარცვალი მაინც არის.

გადავიდეთ ცოტა ხნით წარსულში… როდესაც დაამთავრეთ სკოლა და გადაწყვიტეთ მსახიობობა, როგორი იყო მშობლების დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით?
– სკოლა რომ დავამთავრე დედა მყავდა მაშინ მარტო და ის სასტიკად წინააღმდეგი იყო ჩემი ამ გადაწყვეტილების. თუმცა საბოლოოდ ჩემი გავიტანე და მაინც ჩავაბარე.

– რა იყო პირველი ეტიუდი?
– ეს იყო პირველი სემესტრის ბოლოს, ვთამაშობდი ძაღლს და ჩემი პატრონი მიშა გომიაშვილი იყო. საკმაოდ კარგი გამოვიდა.

– თეატრალურის შემდეგ რა ხდებოდა, რამდენად რეალიზებული იყავით თქვენს საქმიანობაში?
– თეატრში რეალიზებული ვიყავი. 85 წელს დავამთავრე და მაშინვე მიშა თუმანიშვილმა წამიყვანა თავის თეატრში. 21 წლის იქ გავხდი და წლევანდელ წლამდე იმ თეატრს მივეკუთვნებოდი. 90-იანების დასაწყისში, მოგეხსენებათ საქართველოში განვითარებული მოვლენები, ინგრეოდა ჩვენი თეატრი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, იყო დრო, როდესაც 1 და 3 საათზე ვთამაშობდით სპექტაკლებს, რადგან მაყურებელი ვეღარ წავიდოდა საღამოს სახლში. მახსოვს გაჭედილი დარბაზი, ქურთუკებით რომ იდგა ხალხი „ზაფხულის ღამის სიზმარზე“, სხვათაშორის ამ სპექტაკლის გამო ფილტვების ანთებაც გადამიტანია ფეხზე.  მაგალითად „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ –  მთელი წელი ვთამაშობდით ამ სპექტაკლს , რათა თეატრის დირექტორს მინიმალური ხელფასები დაერიგებინა ყველა თანამშრომლისთვის. მოგვიანებით დათბა ქვეყანაში და ამის მერე ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა შეიქმნა. უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი სიტუაციის მიუხედავად, მთელი ამ წლების მანძილზე შემოქმედებითი პროცესი არ გაჩერებულა.

– დედა თუ ესწრებოდა თქვენს სპექტაკლებს?
– რა თქმა უნდა. როდესაც ვეკითხებოდი მოეწონა თუ არა ჩემი გამოსვლა, მპასუხობდა, რომ არაფერი ახსოვს, რადგან ძალიან ნერვიულობდა. მის განცდებს მაშინ მივხვდი, როდესაც მე ჩემი შვილები სცენაზე დავინახე პირველად.

რატომ წახვედით პოლიტიკაში?
– როდესაც ამ თემაზე მიდის ლაპარაკი და გამიგია მოსაზრება, რომ მსახიობს, მომღერალს, ექიმს და ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენელს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ცალკე პროფესია – პოლიტიკოსი არ არსებობს. პოლიტიკაში პროფესიას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შეგეძლოს.  მე ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ძალიან ბევრი რამ იყო გასაკეთებელი და რაც მთავარია იყო შანსი, ქვეყანა წინ წასულიყო. დღესაც უამრავი პრობლემაა, მაშინ ბევრ პრობლემას ვუშველეთ, თუმცა ბევრიც ვერ გადავჭერით.  მაგალითად უდიდესი იტალიელი რეჟისორი ჯორჯო სტრელერი ორჯერ იყო იტალიის პარლამენტის წევრი. ასეთი რამ ხდება, ამიტომ სასაცილოდ მეჩვენება, როდესაც ამ თემაზე ცოტა სხვაგვარი დამოკიდებულებაა ხოლმე.

რომელი იყო პირველი ყველაზე საპასუხისმგებლო  როლი?
– დღემდე ვნერვიულობ სცენაზე გასვლის წინ და ასე იყო თავიდან. რა თქმა უნდა, პირველ წლებში ნერვიულობა მეტი იყო. ზოგადად, ბუნებით მორცხვი ვარ და ჩემს შემთხვევაში ნერვიულობა მეტი იყო. პირველი იყო თუმანიშვილის „ჩვენი პატარა ქალაქის“ თენგიზ გელოვანის როლი. ზოგადად, ყველანაირი როლი მითამაშია ამ 30 წლის განმავლობაში და ყველა მათგანს თავისი ისტორია აქვს.

– პოლიტიკაში ყოფნის დროს თუ მონაწილეობდით სპექტაკლებში?
– კი, თუმცა შედარებით იშვიათად, დროის სიმცირის გამო.

გინანიათ თუ არა თქვენი ეს გადაწყვეტილება?
– არა, არასოდეს არაფერი მინანია. დიდი ადრენალინი მოაქვს პოლიტიკას, მითუმეტეს, როცა იცი, რომ შენი ქვეყნის სამსახურში ხარ და მისთვის რაღაცას სუფთა ხელებით აკეთებ.

რაც შეეხება თქვენს ოჯახს…
– ჩემი ოჯახი ახლა ჩემს სახლში მელოდება, ჩემი შვილიშვილი მარიამი, ჩემი შვილი კოკო და რძალი – ანი.  ერთად ვცხოვრობთ 5-6 თვეა და ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს.  ვცდილობ შევუქმნა კომფორტი და მგონია, რომ გამომდის კიდეც.

– ბევრს ჭორაობდნენ თქვენი ოჯახის დანგრევასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებდა ეს ყველაფერი თქვენზე, როგორც პიროვნებაზე?
– რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც მაშინ ჩემს გარშემო იწერებოდა ან ითქმოდა, მაქსიმალურად მოქმედებდა ჩემზეც, თუმცა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არის ჩემი. არასოდეს, არავის მიმართ კომენტარი არ გამიკეთებია და თუ გამიკეთებია, არავითარ შემთხვევაში უარყოფით კონტექსტში, ეს არის ჩემი პრინციპი და კრედო.

დღეს მარტო ხართ?
– დიახ, დღეს მარტო ვარ.

როგორი მზარეული ხართ?
– კერძების კეთება არ ვიცი, მაგრამ შემიძლია გავაცხელო საჭმელი, ყავა მოვადუღო და ა.შ. გააჩნია, თუ მარტო ვიქნები და იძულებული გავხდი, და ასეთი შემთხვევები ყოფილა, გავუმკლავდები ამ ყველაფერს.

– რაც შეეხება პროექტს „ღამის მატარებელი“, იყავით ამ გადაცემის წამყვანი, როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?
– ძალიან კარგად. „ოქროს ფრთაც“ კი მივიღე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისთვის. მყავდა ძალიან საინტერესო სტუმარი, მგზავრი და მატარებელი ამისთვის საკმაოდ კაი გარემო იყო. ასევე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ეს იყო სუფთა ქართული პროექტი, არ გადმოგვიღია არსაიდან.  ხშირად მიფიქრია, რომ შეიძლება ჩვენ შევქმნათ საინტერესო პროექტები და იქით გავყიდოთ. ქართველი კაცის ბუნება განსაკუთრებულია. დარწმუნებული ვარ რომ მოვინდომოთ, აუცილებლად გამოგვივა.

„წლის საუკეთესო მსახიობის“ ჯილდო მიიღეთ..
– კრიტიკოსებმა გააკეთეს 2014 წლის ქართული თეატრის კვლევა და სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულები წარმოადგინეს. ჩემთვის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, პროფესიული პრიზია.

– სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ საკმაოდ საინტერესო როლი გაქვთ, რას იტყვით ამის შესახებ?
– არამგონია  ეს მარტო ქართული ოჯახის პრობლემა იყოს, ტიპიური ურთიერთობაა ცოლ-ქმრის, ოჯახის, სადაც არავის ერთმანეთის არ ესმის, ეს ყველაფერი საკმაოდ ხშირად ხდება სამწუხაროდ.  ბევრ რამეში არ ვეთანხმები ჩემს პერსონაჟს, მაგრამ როლია ასეთი.

ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობთ თავს…
– ყველაზე დიდი კომფორტი ჩემთვის არის იქ, სადაც ჩემი საყვარელი ადამიანები არიან – შვილები, შვილიშვილები და ა.შ. ზოგადად, შეიძლება ასეთი ადგილი მანქანაში, საძინებელში იყოს. მე ჰობი და პროფესია გაერთიანებული მაქვს, ამიტომ კომფორტულად ხშირად ვარ.

– როგორი იყო ეს ერთი საათი, რომელიც ჩვენს სტუდიაში გაატარე?
– ძალიან მაგარი, დიდი მადლობა ჩემი მოწვევისთვის და იმისთვის, რომ მომეცი საშუალება, მსმენელს დავკონტაქტებოდი.

– წარმატებებს გისუვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები