პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ გამოდის და იმ სიუჟეტებს ასახელებს, რომლითაც ცრუ ინფორმაციები გავრცელდა.
„წალეკა საინფორმაციო ველი ფეიკნიუსებმა.
თურმე სესხი ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდისათვის გვინდა. ამაზე უზნეო ტყუილი არ არსებობს დღეს შექმნილ ვითარებაში.
თურმე პოლიციელებმა ჩვილი ბავშვის გადაგდება გადაწყვიტეს ნაგვის ურნაში. ამაზე მთელი გადაცემა იყო აგებული და პატარა ბავშვები გამოიყენეს იმისთვის, რომ საკუთარი ბინძური პიარგანზრახვა სისრულეში მოეყვანათ.
ჯარში შესყიდვების საკითხთან დაკავშირებით უზნეო ტყუილი გაავრცელეს და პარასკევს კიდევ გვექნება ამასთან დაკავშირებით სასაუბრო (პარასკევს პარლამენტში თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ).
პრემიერ-მინისტრი თურმე უნდა გადადგეს და არამარტო გადადგეს, ოპოზიციური პარტია უნდა შექმნას.
მიხვდნენ, რომ ჯანდაცვის ექიმებზე შეტევა პოპულარული არ არის და ახლა მინისტრზე გადმოერთნენ. მე არ ვიცი, ეს რამდენად ფასდება საზოგადოებაში, მაგრამ მგონია, რომ არჩევნები ყველაფერზე გასცემს პასუხს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გენერალური დირექტორობიდან გადადგა ინგა გრიგოლია. მიზეზად კი ის მწვავე და მისი თქმით, ობიექტური სიუჟეტები დაასახელა, რომელიც მათ ეთერში გადის.
გავრცელებული ინფორმაციით, „ტვ პირველს“ რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის ნინო ჟიჟილაშვილი, დიანა ტრაპაიძე და ვახო სანაია ტოვებენ. ამ ჟურნალისტებს სავარაუდოდ „ფორმულას“ ეთერში ვიხილავთ.
