LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გიჟი პრეზიდენტის ახირება”- სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის მიზეზებზე საუბრობს

103

რუსეთის პროვოკაციაზე აყოლას, შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია – უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ უცნაური და გაუგებარი გარიგება საუკუნოვან მტერთან?! – ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მიზეზებზე დასმულ კითხვას.

ზურაბიშვილმა აღნიშნული განცხადება მუხათგვერდის სასაფლაოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალთან გააკეთა, სადაც ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგო.

„მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და ტკივილი გმირების საფლავებთან. მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ საქართველოს ეყოფა ამდენი მსხვერპლი წლების მანძილზე. ბოლო ერთი საუკუნე, დაწყებული იუნკრებით და დამთავრებული 2008 წლის ომით, მაგრამ არა დამთავრებულით, რამეთუ ყოველდღიურად ვხედავთ გატაცებებს არარსებულ საზღვარზე. ეს არის ომი, რომელიც გრძელდება. ეს არის საქართველოს დღევანდელი, გუშინდელი დღე – სანამ არ იქნება საქართველო გაერთიანებული.

თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია, რა მოხდა 2008 წელს, მაშინ კითხვას სხვაგვარად დავსვამ: – როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა საომარი მოქმედებები იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, საქართველო გაფრთხილებული იყო ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯები არ გადაედგა, გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როცა შენ დახმარების იმედი არა გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობების ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ სიურპრიზით იმოქმედო, როცა იცი, რომ საზღვარზე ივლისიდან მიდის წვრთნები – “კავკაზი“ და იქ ასეული ჯავშანტექნიკა, ათასობით რუსი ჯარისკაცი დგას და რაღაცას ელოდება, როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია – უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?! თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?! – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g