“გიგა ბოკერიას დღევანდელი განცხადება არის სრული უტიფრობა”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ ინსტრუმენტს ქვეყნის ინტერესებისათვის ეფექტურად გამოიყენებს.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელშიც საქართველომ გაიმარჯვა სწორედ ამ ხელისუფლების დაუღალავი შრომის შედეგია.
“შევახსენებ გიგა ბოკერიას, რომ ეს გამარჯვება, რომელიც დღეს გამოაცხადა სტრასბურგის საამართლომ, სწორედ ამ ხელისუფლების დაუღალავმა შრომამ მოიტანა და ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ზეპირი მოსმენები 2016 და 2018 წლებში გაიმართა სასამართლოში. იუსტიციის სამინისტრომ, სწორედ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ტიტანური შრომა ჩადო იმაში, რომ ყველა ეს მტკიცებულება მოეგროვებინა და ზეპირ მოსმენაზე წარედგინა. ამიტომ ეს განცხადება არის სრული უტიფრობა”,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქმე “საქართველო რუსეთის წინაღმდეგ” – დავის ქრონოლოგია
შეგახსენებთ, მრავალწლიანი განხილვის შემდეგ, 2020 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა.